ფიფა რუსეთ-საფრანგეთს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩზე, რუსეთის ნაკრების გულშემატკივრების მიერ ფრანგი ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების საქმეს იძიებს. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი გულშემატკივრების მხრიდან ფრანგი ფეხბურთელების, პროგბასა და დემბელის მისამართით, გამოთქმული დამცინავი სიტყვები სამაუწყებლო კომპანია REUTERS-ის ფოტოგრაფმა რამდენჯერმე მოისმინა.
საფრანგეთის სპორტის მინისტრის განცხადებით, ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ევროპულ და საერთაშორისო დონეზე, რომ შეწყდეს ეს აუტანელი ქცევა“,_ამბობს ის.
როგორც ცნობილია, წელს მსოფლიო თასს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთი მასპინძლობს და ქვეყანას პირობა აქვს დადებული, რომ რასიზმის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს.
თუმცა, რასიზმის გამომხატველი ქცევა რუსი გულშემატკივრებისთვის უცხო არ არის.
უეფამ გასულ წელს საფეხბურთო კლუბ „ზენიტს“ სტადიონის ნაწილობრივ დახურვა უბრძანა, მას შემდეგ, რაც მატჩზე დასასწრებად მისულმა გულშემატკივრებმა ყოფილი ბოსნიელი სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის ბანერი გამოფინეს.