ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის მიერ სოციალური სამსახურის უფროსის თამარ დუმბაძის მუშაობის შესწავლას აჟიოტაჟი მოჰყვა ოზურგეთში და ყველაზე მოულოდნელი რაც მოხდა, ეს იყო “ნაციონალი” და “ქართული ოცნების” დეპუტატების ერთ მუშტად შეკვრა.
ზეპირ მოსმენაზე დასასწრებად, რომელიც დახურულად არ იყო გამოცხადებული, მოვიდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” და „ქართული ოცნების“ დეპუტატები, ჟურნალისტები, გენდერული სამსახურის თანამშრომლები, ასევე, რიგითი მოქალაქეები.
როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის დეპუტატები ერთ აზრს გამოხატავდნენ _თამარ დუმბაძეს უსამართლოდ უპირებენ გათავისუფლებას და ეს ხდება მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით.
აუდიტის სამსახურის უფროსმა კობა ხაბალაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არის ზეპირი მოსმენა.
_ ჩვენ რასაც ვედავებით თამარ დუმბაძეს, ამის მთავარი აზრი არის ის, რა პასუხს წარმოადგენს თავად. კონკრეტულად კი საუბარია 2018 წლის იანვრიდან დღემდე შემოსული წერილების პასუხგაუცემელ ან დაგვიანებულ პასუხებზე, რომელთა რაოდენობა 880 -ს შეადგენს.
თავის მხრივ, თამარ დუმბაძემ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება დაკვეთილია ოზურგეთის მერის კოტე შარაშენიძის მხრიდან და თქვა, რომ არაერთხელ დაიბარა შარაშენიძემ და კატეგორიულად მოსთხოვა, დაწერე განცხადება და წადიო. თუმცა, დუმბაძე, როგორც თავად ამბობს, ზეწოლას არ დაემორჩილა.
_ საშინელ დღეში ვარ, ზეწოლა, მუქარა, ცალკე აუდიტის შემოტევა, უამრავი მოქალაქე, რომელიც ყოველდღე მოდის და პასუხი უნდა გავცე. ამ რეჟიმში მუშაობა წარმოუდგენელია, _ თქვა დუმბაძემ.
_ მოქალაქეთა განცხადებები, რომელზეც პასუხების დაგვიანებას დუმბაძეს დარღვევად უთვლიან, სინამდვილეში თვით ამ განცხადებების შემომტანთა თხოვნით ან არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო ხდებოდა გადადება. ვთქვათ, მოქალაქეს სურდა არა 70 ლარის დახმარების გაწევა, რის საშუალებაც იმ ეტაპზე იყო, არამედ 100 ლარის. ეს და მსგავსი წერილებია მოგროვებული ბრალის დასადებად, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება მძიმე გადაცდომად, როგორც აუდიტი მიიჩნევს, _ თქვა სოციალური სამსახურის თანამშრომელმა ნინო ნიკოლაიშვილმა.
„ნაციონალმა“ დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ თამარ დუმბაძე გამორჩეული და წარმატებული ხელმძღვანელია, რომლის მძიმე გადაცდომაში ბრალის დადება წარმოუდგენელია.
_ მიზეზი თუ გინდა, სულ მოსდებ ადამიანს შარს. რა გინდათ? წავალთ და ჩვენ მოვიყვანთ ყველა ბენეფიციარს, რომელთაც თამარ დუმბაძე მოემსახურა, _ თქვა „ნაციონალმა“ დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ.
მოსმენაზე მოსულმა ეკა ნინიძემ, რომელიც ასევე გაათავისუფლეს სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, მიმართა კობა ხაბალაშვილს, რომ ის შარაშენიძის მარიონეტად იქცა და ასრულებს დაკვეთას, დუმბაძის ადგილის დასაკავებლად კი სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ნათია ვაშალომიძე ემზადება.
_ ნაყიდი აქვს ერთი ხელი ტანსაცმელი, უფროსობისთვის ემზადება, შარაშენიძის თათბირებზე ის რომ დადის სულ, რატომ არ ეძახიან დუმბაძეს? ასევე, შენს ადგილს ვასიკო გობრონიძე უმიზნებს, იმასაც შარვალ-კოსტუმი ნაყიდი აქვს, ეს არ იცი? _ უთხრა მან ხაბალაშვილს.
კობა ხაბალაშვილმა სიმართლე ხუმრობით აღიარა, კი ვიცი, რომ მეც მიპირებენ გათავისუფლებას, ცოლი გობრონიძე მყავს და ვეუბნები, რა გინდათ, უნდა მომაკვლევინოთო?
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოზურგეთში ნუგზარ გიორგაძემ ხაბალაშვილს მიმართა, კარგი ბიჭი ხარ, გიცნობ, კოტეს დაკვეთას ნუ ასრულებ, ორ თვეში იქნება „ქართული ოცნების“ ყრილობა ნახავთ, რაც მოხდებაო. ისე კი გაკვირვებული ვარ და ძალიან მიხარია, როგორ დაირაზმა პოზიცია თუ ოპოზიცია თამარ დუმბაძის გარშემო, აი, რას ნიშნავს, როცა ადამიანი კარგად მუშაობსო.
დეპუტატებმა იქვე აღნიშნეს ისიც, რომ ის, რაც თემას სცდება, დღეს არ იყო იმაზე საუბარი საჭირო.
კობა ხაბალაშვილმა განაცხადა, რომ ვალდებული იყო დღეს აქ შეკრებილი საზოგადოებისთვის მოესმინა, თუმცა, მთავარი არის ის, რასაც ზეპირ მოსმენაზე ოქმის სახით წარუდგენს თამარ დუმბაძეს და მან ამაზე უნდა უპასუხოს.
“გურია ნიუსმა” კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს:
_ “ბატონო კონსტანტინე, თამარ დუმბაძე ამბობს, რომ თქვენ ის არაერთხელ დაიბარეთ და განცხადების დაწერა მოსთხოვეთ სამსახურიდან გათავისუფლებაზე”.
„გურია ნიუსი“ ვრცელ წერილს ამ თემაზე უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.