სამწუხაროდ, კომიკური სურათი ვიხილეთ გუშინ, ასე შეფასდა საზოგადოების მიერ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა აქციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, გუშინ უბრალოდ ოფიციალურად გაცხადდა, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე.
„არა მარტო დღეს, წინა დღეებშიც ჩვენ ვხედავდით, როგორ წარიმართებოდა პროცესები. გუშინ, უბრალოდ, გაცხადდა ეს ოფიციალურად, რომ საუბარია, ასე ვთქვათ, პარტიულ მიტინგზე, თორემ წინა დღეებშიც ჩვენ უკვე ძალიან ცხადად ვხედავდით იმას, თუ როგორ წარიმართებოდა, ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს, ასე ვთქვათ, მიტინგები.
რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა განაჩენთან დაკავშირებით. ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები განაჩენის თაობაზე და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, თუმცა, ამის შემდეგ, იმავე დღეს, საღამოდან პრაქტიკულად, სადავეები პროცესზე ხელში აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ასე გრძელდებოდა ეს პროცესები ამ ორი დღის განმავლობაში და ეს უბრალოდ, საბოლოოდ გაცხადდა გუშინ. ვიხილეთ სამწუხაროდ, ძალიან, მე ვიტყოდი, კომიკური სურათიც გუშინ. ასე შეფასდა საზოგადოების მიერ ის ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ აქციაზე. შესაბამისად, ყველაფერი არის, ბუნებრივია, ცხადზე უცხადესი, _ აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ამ ყველაფრის ფონზე, საპარლამენტო კომისიის შექმნა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე და ოპოზიციის ჩართულობა რამდენად რეალურად ესახება პარლამენტის თავმჯდომარეს.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად. შესაბამისად, ეს იყო ინიციატივა, როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმცირესობის და მათი ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა ეს კომისია და ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ჩვენი მიზანი ეს არის, ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე გვექნება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv.ge