დღეს რუსეთში ფეხბურთელთა მორიგი მსოფლიო პირველობა დაიწყება. ერთი თვის განმავლობაში სრულიად მსოფლიოს ყურადღება საფეხბურთო ბატალიებისაკენ იქნება მიმართული. მისი უდიდებულესობა ფეხბურთი ყველა ჩვენგანზე უპირობო ბატონობას შეუდგება. როგორც წესი, ყველა პრობლემა, პოლიტიკური კონფლიქტები, ეკონომიური კატაკლიზმები, გაფიცვა-მიტინგები, რევოლუციები და სამხედრო დაპირისპირებები წესით ერთგვარ ტაიმაუტს აიღებს.
პირველობა რუსეთში ტარდება. მარტო ამის გამო ალბათ არაერთ სიურპრიზს უნდა ველოდოთ. რასაკვირველია უშუალოდ მწვანე მინდვრებზე მოულოდნელი შედეგებისაგან ტრადიციულად დაზღვეულები არ ვიქნებით, მაგრამ არ გაგიკვირდეთ ამ ჩემპიონატმა თავი სხვა კუთხითაც რომ დაგვამახსოვროს თავი. რუსული „მუნდიალის“ დაწყებამდე ტერაქტების მოწყობით სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებები იმუქრებოდა და ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ტერორისტული ჯგუფი აიყვანა. ამის მიუხედავად საფრთხე მაინც არსებობს. იქით კი რუსული „ულტრა მებრძოლი“ გულშემატკივართა გაერთიანებები სტუმარი გუნდების თაყვანისმცემლებს სისხლიანი ანგარიშსწორებით ემუქრება.
ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, იმედია პირველობა წყნარ გარემოში ჩაივლის და თავს არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრით დაგვამახსოვრებს.
ფეხბურთის მოყვარულთა ერთმა ჯგუფმა “მუნდიალი-2018”-ის დღეებში ქალთა ქცევის “განსაკუთრებული” კოდექსი შეიმუშავა. ეს წესი მთელი მსოფლიოსათვის საერთოა და მას ალბათ ქართველი მამაკაცებიც დიდი სიამოვნებით გაეცნობიან.
1. საფეხბურთო რეპორტაჟის მიმდინარეობისას, მეუღლე მხოლოდ საოჯახო საქმიანობით უნდა დაკავდეს.
2. ყოველი მატჩის წინ ძვირფას ქმრებს რამდენიმე ქილა ან ბოთლი ცივი ლუდი უნდა მოუმარაგოთ.
3. თამაშის მსვლელობისას ოთახში, სადაც ტელევიზორია, ქალის ყოფნა სასტიკად იკრძალება, რადგან ერთი მამაკაცისათვის ორი სასურველი არსება მართლაც რომ მეტისმეტია.
4. ტაიმებს შორის შესვენებისას ცოლს უფლება აქვს უხმაუროდ შევიდეს ოთახში, დააცარიელოს საფერფლეები, ცარიელი ბოთლები სავსეებით შეცვალოს და საჭიროების შემთხვევაში ქმარს ტკბილეული ან რაიმე სხვა გემრიელი სასუსნავი შესთავაზოს.
5. თამაშამდე სადილი მზად უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რადგან მამაკაცი მატჩისათვის კარგად უნდა განეწყოს. სადილის დროს ქალმა პირი უნდა მოკუმოს და არ ისაუბროს.
6. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში სექსუალური კავშირი რეკომენდირებული არ არის, რადგან შეიძლება ბავშვი გონებაგაფანტული გამოვიდეს. ამას გარდა, სასტიკად აკრძალულია მოკლე კაბის ტარებაც, რათა მამაკაცებს ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. ფეხბურთი ხომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტია.
7. თუ მამაკაცი დიდსულოვანი აღმოჩნდება და ქალს მასთან ერთად ფეხბურთის ყურების ნება დართო, სასტიკად აკრძალულია სხვადასხვა წამოძახილებები, დილეტანტიზმის წამოფრქვევა და შემდეგი სახის ფრაზები: „კრიშტიანო რონალდო დღეს ისევ ლამაზად გამოიყურება“ ან „რა სიმპათიური მამაკაცია ეს ოხერი სალაჰი“.
დღევანდელი წერილის მეორე ნაწილში ნება მომეცით მცირეოდენი ისტორიული რაკურსი გავაკეთო.
ზუსტად 88 წელი გვაშორებს იმ დროს, როდესაც ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ფეხბურთელთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. ამ ტურნირს წინ უსწრებდა დღეისათვის მთელ პლანეტაზე ისეთი გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება, როგორიც ფიფაა. იგი 1904 წლის 21 მაისს დაარსდა. მის პირველ პრეზიდენტად ეროვნებით ფრანგი, რობერ ჰერენი აირჩიეს. იმხანად, ჰერენი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო და პარალელურად, სპორტული გაზეთი “ლე მატინის” საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. გარდა ამისა, ფიფა-ს პირველი ხელმძღვანელი დიპლომირებული ინჟინერიც გახლდათ.
რობერ ჰერენმა პირველმა გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა, თუმცა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.
1905 წელს ფიფა-ს კონგრესზე ჰოლანდიელმა კარლ ანტონ ჰირშმანმა, საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების იდეა წამოაყენა. შეჯიბრებაში მონაწილეობა ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ესპანეთის, იტალიის, ავსტრიის, შვეიცარიის, უნგრეთის, დანიის, გერმანიისა და შვედეთის საფეხბურთო კლუბებს უნდა მიეღოთ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 1905 წლის 31 აგვისტო მიიღეს.
სამწუხაროდ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი არც ერთი ამ ქვეყნების წარმომადგენელს არ გამოუთქვამს.
1906 წლის 4 ივნისს გამართულ ფიფა-ს კონგრესზე, ამ ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად ინგლისელი დანიელ ბერლი ვულფოლი აირჩიეს. ის მსოფლიო საფეხბურთო ცენტრად ინგლისს მიიჩნევდა და ამიტომ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების იდეით გატაცებული ნამდვილად არ იყო.
1918 წლის 24 ოქტომბერს ვულფოლი გარდაიცვალა. ახალი პრეზიდენტი 1921 წლის 1 აპრილს აირჩიეს. ეს პიროვნება ფრანგი ჟიულ რიმე აღმოჩნდა. სწორედ რომ რიმემ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის იდეის ხორცშესხმა, რითაც უკვე მომავალში საკუთარი სახელი სამუდამოდ უკვდავყო. ჟიულ რიმე ძალიან გონივრულ საფეხბურთო პოლიტიკას ატარებდა. ის გრძნობდა, რომ დამდგარი იყო დრო, როდესაც დიდი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარება უკვე შეიძლებოდა.
ჟიულ რიმემ და მისმა მემკვიდრე ანრი დელონმა ახალი იდეა ფიფა-ს 1926 წლის კონგრესზე წამოაყენეს. გადამწყვეტი ნაბიჯი 1928 წლის 28 მაისს გადაიდგა. ამ დღეს, ამსტერდამში შეკრებილმა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით (27 ხმა ხუთის წინააღმდეგ) მსოფლიო თასის გათამაშების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყდა, რომ პირველი მუნდიალი 1930 წელს ჩატარდებოდა. ამ ჩემპიონატის მომავალი მასპინძლის ვინაობა კი 1929 წლის 18 მაისს, ბარსელონაში ჩატარებულ ფიფა-ს კონგრესზე მიიღეს. კანდიდატურები ხუთმა ევროპულმა (იტალია, შვედეთი, ჰოლანდია, უნგრეთი, ესპანეთი) და ერთმა სამხრეთამერიკულმა (ურუგვაი) ქვეყანამ წამოაყენა. საბოლოოდ ურუგვაიმ გაიმარჯვა.
იმ დროს ურუგვაული ფეხბურთის ავტორიტეტი მეტად მაღალი იყო. მათ საფეხბურთო სამყარო 1924 და 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხიბლეს. 1930 წელს ურუგვაი თავისი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავდა. ამ შეჯიბრების პატივსაცემად მასპინძლებმა ახალი სტადიონი – “სენტენარიო” ააშენეს და საკუთარ თავზე აიღეს ყველა სტუმრის საცხოვრებელი ხარჯები.
სამხრეთ ამერიკაში პირველობის გამართვის იდეამ ყველა ევროპელი ვერ მოხიბლა. მათ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ასე დარჩა ურუგვაის მუნდიალი მხოლოდ 13 გუნდის ამარა.
ჯილდო – ჟიულ რიმეს სახელობის თასი – ფრანგი ოქრომჭედელის, ანრი ლაფლიორის ნახელავი გახლდათ. ეს იყო 30 სმ-ის სიმაღლისა და 4 კგ-ზე მეტი წონის ოქროს სტატუეტი და გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს გამოხატავდა. 40 წლის შემდეგ ის საბოლოოდ ბრაზილიელებმა დაისაკუთრეს.
წერილის დასასრულს ფეხბურთის ქართველ თაყვანისმცემლებს გულითა და სულით ერთ რჩევას მივცემდი: ცივ ლუდთან ერთად ისიამოვნეთ ფეხბურთით და დიდი თანხებით ფსონების დადებისაგან თავი შეიკავეთ. (ითამაშეთ, მაგრამ იმ რაოდენობის ფულით, წაგების შემთხვევაში კატასტროფის ტოლფასი რომ არ გაგიხდეთ).
გახსოვდეთ, სპორტული ცხოვრება „მუნდიალი – 2018“-ის შემდეგაც გაგრძელდება და საინტერესო ფსონების დადების შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ მოგეცემათ. უყურეთ მშვიდად ფეხბურთს და სხვადასხვა ტოტალიზატორების მეპატრონეებს ნუ გაამდიდრებთ.