მესამე დღეა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შიმშილობენ. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ იყო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლები.
დღეს ავადმყოფობის გამო შიმშილობა შეწყვიტა დეპუტატმა თორნიკე გოგუაძემ.
“შიმშილობის მესამე დღეა და ბუნებრივია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებია. ამჟამად ჩვენი გუნდის წევრმა თორნიკე გოგუაძემ დროებით შეწყვიტა შიმშილობა, სერიოზული პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შალვა თავდიშვილს, ის ჩვენ გვერდით არის. მასაც პრობლემები აქვს, მაგრამ არ გვტოვებს, ის არ შიმშილობს და ამის მიზეზიც აქვს. მდგომარეობა რომ არ გართულდეს, შიმშილობის შეწყვეტას სთხოვენ ექიმები ბესო ქათამაძეს. ექსპერტიზაზე ბათუმში გადაყვანისას ბესო გზაზე შეუძლოდ გახდა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ხალხს ნუ დაამახსოვრებენ თავს, როგორც უპასუხისმგებლო ხელისუფლება. ჩვენ არაფერს ვითხოვთ ისეთს, რაც უკანონოა _ ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის ჩატარებას, სადაც ის ადამიანები დატოვებენ თანამდებობებს, ვინც კონკრეტულად მონაწილეობდნენ ბესო ქათამაძის ცემის პროცესში“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა დავით მჟავანაძემ.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, რამდენად რეალურად მიაჩნია დავით მჟავანაძეს, რომ “ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები დატოვებენ თანამდებობას, ის გვპასუხობს:
“ამ ადამიანებს, რომ ჰქონდეს პასუხისმგებლობის განცდა, უკვე დაწერილი უნდა ჰქონდეთ განცხადება და წასული უნდა იყვნენ საკრებულოდან“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით მჟავანაძემ.