ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა. ცენტრის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.
“ეს არის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც დაეხმარება თავისთავად ქართული კულტურის განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს იქნება მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის ქართული კულტურის გაცნობის, ქართული სიმღერის მრავალხმიანობის და ზოგადად, ქართული ფოლკლორის შესწავლის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი“, _ თქვა მინისტრმა ცენტრის გახსნის შემდეგ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ცენტრში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის შავი ზღვის ფოლკლორის ფესტივალი, რომელიც საერთაშორისოა და მომავალ წელს გაიმართება
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ აღნიშნა, რომ ცენტრში არაერთი ღონისძიება ჩატარდება, დაგეგმილია სიმღერების ჩაწერა და ფოლკლორის პოპულარიზაცია.
“ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება“, _ თქვა გიორგი დონაძემ.
საზეიმო გახსნაზე გამოვიდნენ ანსამბლები: “შემოქმედი“, “შვიდკაცა“, მგალობელთა გუნდი, ასევე, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან მესტიიდან და ონიდან.