ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში წარმატებით გამოვიდა, დიდ ბრიტანეთში, ბაქსვუდის სკოლაში ისწავლის.
სალომე სახალხო პროექტის „ეტალონის“ გასული წლის გამარჯვებულია ლანჩხუთში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო ათეულში მოხვდა და ჯილდოდ 1000 ლარი მიიღო. ამ თანხით კი ბავშვობის ოცნება აიხდინა და „მოპედი“ შეიძინა.
„სწავლა ძალიან მიყვარს. გამორჩეული საგანი არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მათემატიკა მაინც სულ სხვაა. ძალიან გამიხარდა, რომ 21 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი და ამისთვის მადლობა ჩემს პედაგოგებსა და სკოლას“, _ ამბობს სალომე.
სალომე ერთადერთი არაა მეორე საჯარო სკოლიდან, ვინ უცხოეთში ისწავლის. მისი თანაკლასელი მარიამ ზენაიშვილი ამერიკაში, ჰავაის კუნძულებზე მდებარე სკოლაში სწავლობს.