ლანჩხუთში ოზურგეთი-ლანჩხუთის გზის ნინოშვილის მონაკვეთზე ადგილობრივებს რამდენიმე საათია გზა აქვთ გადაკეტილი და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაუდევრად შესრულებაში ადანაშაულებს და სოფელში არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას ითხოვს.
„სახლები გვენგრევა ხალხს თავზე. ზედაპირულად და დაუდევრად აკეთებენ ყველაფერს. ფაქტობრივად, დანგრეულია ეს მთავარი გზა, მაგრამ პატრონი არავინაა. მოვლენ და ისვრიან ცარიელ სიტყვებს. კეთილი ინებონ და დროულად შეუდგნენ ჩვენი პრობლემების მოგვარებას, ტყუილ დაპირებებს ნუ იძლევიან. საქმე აკეთონ წესიერად. მეც ერთ-ერთი ვარ, ვისი სახლიც დანგრევის პირასაა. მითხრეს, უნდა ასახლდეო, არადა, გამაგრებითი სამუშაობი რომ ჩატარდეს, არაფერი მჭირს ასასახლებელი“, _ ამბობს „გურია ნიუსთან საუბრისას აქციის ერთ-ერთი მონაწილე ოლეგ გოგუაძე.
ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვითარების შესწავლის მიზნით აქციის მონაწილეებთან იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.