მმართველი გუნდის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესაძლებლობაზე ღიად საუბრობენ.
ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის მიაჩნია, რომ მეორე ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, გაიმარჯვებს. თუმცა, მისი განცხადებით, მობილიზებაა საჭირო.
„ვიტყოდი, რომ ჩვენმა ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა თვითდაჯერებულობა გამოავლინა, უფრო აქტიურები არიან, ამ მცირე უპირატესობას მოგებად გადავაქცევთ. ამის წინაპირობა არსებობს, რეზერვი ბევრია, ამ რეზერვის გამოყენებას სჭირდება კარგი მუშაობა. ზეიმი არ ყოფილა, ზეიმი ვაშაძის გუნდში იყო. მილოცვა არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ისევე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ჩვენმა ლიდერებმა ყველამ თქვეს, რომ მეორე ტურის ალბათობა დასაშვებია. ამაში არაფერი სკანდალური არ არის, ვერ ვხედავ ნიჰილიზმის წინაპირობას, მუშაობაა მეტი საჭირო და ჩვენმა მომხრეებმა თავი არ უნდა იგრძნონ ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია. მე კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მობილიზებულები იყვნენ. მეორე ტური იქნება, მე ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ. მაგაზე ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ სამუშაოა, ვერტიკალიც გასაძლიერებელია, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო-სოციალურ საკითხებზე მობილიზება მეტი ადგილობრივი თვითმმართველობების. მიუხედავად იმისა, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, სამუშაო ბევრია. თვითმმართველობებს მეტი ყურადღება მართებთ იმ ამოცანების წინაშე, რაც მათ წინაშე არსებობს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.