„ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც იყო და რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის არის კოჰაბიტაცია, რომელიც 2012 წლის შემდეგ იყო, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
კალაძის თქმით, ერთი მხრივ, დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის შეიძლება ეს ნორმალურ ქვეყანაში სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ეს საქართველოში ე.წ. კოჰაბიტაცია ისევ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული“.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი პოლიტიკური პროცესები ხდებოდა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა.
როგორც კახი კალაძემ განაცხადა, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ და რა უნდა იყოს მყისიერი ნაბიჯები.
“ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათაშორის საქართველოში, ისევ და ისევ ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი პროპაგანდისტული მაქანით შეძლო და მოახერხა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ 9 წელზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ წარსულზე”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და განვითარდეს: “ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს”, – თქვა კალაძემ.
თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს იმ ყველაფერზე, რაც კალაძის თქმით, “ამ რევანშისტულმა ძალამ ჩაიდინა”.