თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული მ.ტ. სამართალდამცველებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.