ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს. დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. გამოფენას, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა პირველი პრეზიდენტის ღვაწლზე ისაუბრეს.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე აუცილებლად უნდა გამოძიებული იყოს. პრემიერის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქმე ისევ გამოუძიებელია, სირცხვილია.
„მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში სრულიად განსაკუთრებულია. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე ისევე, როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვ ნის წინაშე. ის ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია. ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. არა მხოლოდ 7 წელი, ეს გამოძიება უფრო მეტ ხანს გრძელდებოდა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. ქართლი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი, თუ რა მოხდა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა. მისი განცხადებთ, არაერთხელ ითქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქმე სასწრაფოდ ბოლომდე გამოსაძიებელია.
თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა გამსახურდიას საქმე ისევ გამოუძიებელია და ამიტომ ის ბოლომდე უნდა მივიდეს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა – დროშა, გერბი და ჰიმნი. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.