ნოდარ ახალკაცი-უფროსის ხელში თბილისის „დინამოს“ საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაზე თვალსაჩინო წარმატებები ჰქონდა. ნოდარ ახალკაცი იმ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ესპანეთში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ჩავიდა და ახალკაცი დელეგაციის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა. ამ „სტუმრობას“ რევაზ არველაძე მოგვიყვება:
„ბატონ ნოდარ ახალკაცთან ერთად ესპანეთში ვიყავით, დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ნაკრებს ამხანაგური თამაში ჰქონდა დაგეგმილი მეორე დივიზიონის გუნდთან – „ალბასეტესთან“, რომელიც სატურნირო მდგომარეობით მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა.
თამაშს მინიმალური ანგარიშით ვიგებდით, მაგრამ მსაჯმა ჯერ ბლომად დრო დაამატა და შემდეგ ბოლო წუთზე ჯარიმა გამოიგონა მასპინძლების სასარგებლოდ. მოკლედ, სანამ არ გაგვითანაბრეს, არ მოისვენა.
მატჩის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, ყველანი ცუდ ხასიათზე ვართ, ფრეს გამო. საპატიო სტუმრებს შორის ჰანს მიულერიც იყო. უცებ ესპანელთა გუნდის პრეზიდენტი წამოდგა, რაღაც მოყვა და ხალხმა სიცილი დაიწყო. მისი ნათქვამი არ გადაგვითარგმნეს და უფრო დავიბოღმეთ, ალბათ, ჩვენ გაგვამასხარავაო. ახალკაცი ისეთ დღეშია, დანა პირს არ უხსნის. ბოლოს ქართველი სტუმრებიც გავახსენდით და ბატონ ნოდარს ეკითხებიან:
– თქვენ გამოცდილი სპეციალისტი ბრძანდებით და ჩვენი გუნდის მომავალზე რას იტყვით?
– მაშ, უმაღლეს ლიგაში აპირებთ გადასვლას, არა? – პრეზიდენტს გახედა ახალკაცმა.
– დიახ, ვაპირებთ.
– აბა, ჩემი რჩევაა, რომ დღისით ეგ ამბავი არ გამოგივათ, ღამე თქვენს მსაჯს ფანარი დააჭერინეთ და იქნებ, როგორმე გადაიპაროთ“.