დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, წარმოადგინეს საკითხი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისა და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის ირგვლივ მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ ისაუბრა.
მან განაცხადა, რომ ხდება სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურისგან ზედამხედველობის ფუნქციების გამოცალკევება და ზედამხედველობის სამსახური ცალკე ჩამოყალიბდება. ხოლო სოციალური და ჯანდაცვის სამსახური შეუერთდება განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურს.
ლაშა თავაძემ დააკონკრეტა ცვლილების, ასე ვთქვათ, უცვლელობა იმ კუთხით, რომ არ მოხდება შტატის შემცირება, რანგის და კატეგორიის ცვლილება და ხდება არსებული რესურსის შიგნით გადანაწილება.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ამ ცვლილების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ყველა თანამდებობას საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა უნდა ახლდეს.
საკრებულომ აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციული წესით წარმოებაში მიიღო.
ჩვენ ვკითხეთ ლაშა თავაძეს, რა ლოგიკით უნდა დაექვემდებაროს სოციალური სამსახური კულტურის სამსახურს. ხომ არ არის ეს მკვეთრი შეუსაბამობა.
_ მე ვერ გეტყვით, რომ ეს ზუსტად ასე დამტკიცდება. მოხდება განხილვა. შეიძლება, შეიცვალოს. დაზუსტებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, – გვითხრა მან.
ლავრენტი ბიგვავა, საკრებულოს დეპუტატი: ეს მეც მომხვდა ყურში. ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამიტომ ვამბობ, რომ თუ დებულებაში არ გაიწერა, ისე ცვლილება ვერ მოხდება. მერია ატარებს რეორგანიზაციას. შერწყმა შეიძლება, ფინანსურ რესურსებთან არის ეს დაკავშირებული და ახალი სამსახურის შექმნა შეზღუდულია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, კარგა ხანია საუბრობენ ზედამხედველობის სამსახურის ცალკე გამოყოფასა და შტატების დამატებაზე, რადგან ყოველთვის დგას პრობლემა იმ კუთხით, რომ შესასრულებელი სამუშაოს ძალიან ბევრია, რასაც შტატების სიმცირის გამო, სამსახურის დღევანდელი კონტიგენტი ვერ წვდება. მერიაში ასევე სოციალური სამსახურის უფროსი ადგილი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ამ სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს თამარ დუმბაძე.
რატომ არ დასვეს დეპუტატებმა კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია, სოციალური და ჯანდაცვის სამსახური დაექვემდებაროს კულტურის სამსახურს, მოხდება თუ არა ცვლილება ამ კუთხით ზუსტად ასე, უახლოეს მომავალში საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება.