თბილისის მერი კახა კალაძე 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. კალაძემ სიცრუე უწოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს, თითქოს, კახა კალაძე აფინანსებს.
მისი განმარტებით, ყველა დაზარალებულის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ დააფინანსა.
„რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზეც არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე „ქართუ ფონდის“ განცხადება. თავისთავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.