შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ზღვის დონიდან 2 მეტრზე, ოზურგეთიდან 21 კილომეტრის დაშორებით მდებარე კურორტ შეკვეთილის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები _ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, ზღვის წყალი და მაგნიტური ქვიშაა. როგორც მედიკოსები ამბობენ, ჰაერის, მზისა და ქვიშის აბაზანები გულსისხლძარღვთა, ნერვიული სისტემის ფუნქციური დაავადებებს, მეორად ანემიას, რაქიტს, პერიფერიულ ნერვულ სისტემისა და სახსრების დაავადებებს შველის. შესაბამისად, წლების განმავლობაში კურორტი დამსვენებელს არ უჩიოდა.
ბოლო წლებში, შეკვეთილის სახელი საერთაშორისო საძიებო სისტემებშიც გამოჩნდა, რასაც ხელი”ციცინათელამ”,”მინიატურულმა საქართველომ”,”მუსიკოსების პარკმა”,”ბლექ სი არენამ” და სასტუმრო”პარაგრაფმა” მნიშვნელოვნად შეუწყვეს.
თუ ინტერნეტმასალებს დაეყრდნობით, გაიგებთ, რომ შეკვეთილში დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია. თუმცა, ეს ყველაფერი ერთ ზოლში _ იქ, სადაც ფეშენებლური ვილები და გასართობი ობიექტებია.
დანარჩენი უბნები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებოდ აქვს მიტოვებული _ იქ არც გზაა, არც სანაგვე ურნები, არც დასასვენებელი ადგილები.
უფრო მეტიც, იმ ადგილებში, სადაც უამრავი ტურისტი კარვებითა და მანქანებით მიდიან, ბალახის მოთიბვითაც კი არავინ იწუხებს თავს.
ამ ადგილებში გზა ისეა დაზიანებული, რომ ძლიერ სიცხეშიც კი ტალახია… ტყეში, ეკალ-ბარდებთან ერთად უამრავი ნაგავი ყრია, რაც დამსვენებლების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს:
_ უნიკალური კურორტია ძალიან დიდი პოტენციალით, თუმცა, მის კეთილმოწყობაზე, როგორც ჩანს, შერჩევით ზრუნავენ _ მდიდარი ხალხის სახლებთან გზაცაა, განათებაც და სისუფთავეც. ის ადგილები კი, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღიურად დადიან, როგორც ჩანს, არავის ადარდებს, _ აღნიშნავენ დამსვენებლები.
მოუწესრიგებელ კურორტზე ყურადღებას უცხოელი ტურისტებიც ამახვილებენ:
_ არაჩვეულებრივი კურორტია _ კარგი ზღვა, ჰაერი, თუმცა, ძალიან მოუწესრიგებელი. საპიკნიკე ადგილები არ არსებობს, კარავსაც ვერ ვშლით ნორმალურად, რადგან ყველგან ტალახი და ეკლებია. არადა, ინტერნეტში სხვა რამ იძებნება, _ აღნიშნეს”გურია ნიუსთან” საუბრისას პოლონელმა ტურისტებმა.
მათ მსგავსად ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც და ადგილობრივებიც:
_ დასუფთავების მანქანა მხოლოდ მდიდრულ ვილებთან და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის. ალბათ, იმისთვის, რომ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებსაც შეკვეთილში ფეშენებლური კოტეჯები აქვთ, დაანახონ, თუ როგორ მუშაობენ. იმ მხარეს ასუფთავებენ, უვლიან და აქეთ, სადაც უამრავი ტურისტია და ჩვეულებრივი ადამიანები ყოველდღე მოდიან, არც კი იყურებიან. არაერთხელ ვთხოვეთ ოზურგეთის მერიას, რომ ეს ტერიტორიებიც დაესუფთავებინათ, გზა მოეწესრიგებინათ, ეკალ-ბარდები მოეჭრათ, თუმცა, უშედეგოდ. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ტურიზმის განვითარება მათი პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი როგორაა დალაგებული, თქვენც ხედავთ, _ გვიყვებიან შეკვეთილში ჩასულებს.
იმის გასაგებად, თუ რატომ ასუფთავებენ მხოლოდ ერთ ნაწილს და რატომ არ ითვალისწინებენ ჩვეულებრივი ადამიანების თხოვნას, ოზურგეთის მერთან დაკავშირება ვცადეთ. თუმცა, კონსტანტინე შარაშენიძემ, ჩვეულებას არ უღალატა და “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ თავდაპირველად გვითხრა, რომ შეკვეთილი ერთი კვირის წინ დასუფთავდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ საპირისპირო სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა გაგვაჩნდა და რომ ის ადგილები, სადაც ფეშენებლური ვილები არ დგას (განსაკუთრებით ე. წ.”კაპროვანი”) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გვითხრა, რომ აუცილებლად გაარკვევდა:
_ ზუსტად არ ვიცი, ლოკაციები სად დაასუფთავეს. ამიტომ, დავუძახებ დასუფთავების სამსახურს, გავერკვევი და შესაბამის მითითებებს მივცემ, _ აღნიშნა ნასარაიამ.