პარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ კენჭისყრის დღეისთვის გადადების მიზეზი გახდა რისკი, რომელიც საარჩევნო ცვლილებების დამტკიცებას დაემუქრა.
კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. განსახილველი საკითხი ამჯერადაც პროპორციულ საარჩევნო წესზე გადასვლაა. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათთვის გასაგებია მოწინააღმდეგეთა არგუმენტების ნაწილი, თუმცა იმედოვნებენ, რომ გუნდი პოზიციების შეჯერებას შეძლებს.
უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს და რიგ ოლქებში კანდიდატები არ წამოაყენოს.
13 ნოემბერს პლენარულ სხდომამდე მმართველი პარტიის ოფისში სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა, დიმიტრი ხუნდაძემ და ირაკლი შიოლაშვილმა, რომლებიც თანამოაზრეებთან ერთად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, თანაპარტიელები საკუთარ პოზიციაში ვერ დაარწმუნეს.