ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი გუშინ ანვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. წილოსანის თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს
“მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც გუშინ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას. ჩემთვის ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე, ამ თემაზე რჩევის მისაღებად ვესაუბრე ჩემს უახლოეს გარემოცვას, მეგობრებს, კოლეგებს.
მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად სჯობს არსებულს. ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემი პოზიციის დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისია, ვახსენო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება.
სწორედ ამიტომ განისაზღვრა 2020 წელი ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებებისას გარდამავალ ეტაპად და მიეცა პარტიებს გაძლიერებისა და საერთო პოლიტიკური კულტურის ამაღლების საშუალება. ამას ემატება ის, რომ მე თითქმის ოთხი წელია, მჭიდროდ ვურთიერთობ ჩემი ოლქის ამომრჩევლებთან. მათთან ერთად შევძელი განმეხორციელებინა არაერთი პროექტი და ვმუშაობ ახალ გამოწვევებზე. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩემი შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დახმარება იყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ზემოხსენებული პროექტების განხორციელებაში.
წელს გავაკეთე ჩემი არჩევანი პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, როცა ჩვენი გუნდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლიდან საქართველო გადადიოდა წმინდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს იყო ჩემი გუნდის გაბედული ნაბიჯი, მზაობა ჩაკეტილი წრის გარღვევისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში კოალიციისა და კონსენსუსის პრინციპის დაფუძნების.
ამის პარალელურად, ვიმედოვნებდით, რომ შვიდი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობა სათანადოდ გაძლიერდებოდა, რაც საშუალებას მოგვცემდა, 2024 წელს გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამისთვის არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის მერების არჩევა, დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა და მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივები. თუმცა დაგეგმილი რეფორმა, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული და 2024 წლამდე უამრავი პრინციპის გატარება იქნება საჭირო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა კეთილი ნება (ამ კეთილ ნებას მეც შევუერთდი), რათა ეს საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა.
როგორც ყველა საკონსტიტუციო ცვლილების დროს, ამ შემთხვევშიც, გაიმართა საჯარო განხილვები, ასევე ჩვენს ამომრჩეველთან ღია შეხვედრები და, განსაკუთრებით რეგიონებში, გამოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშობს, მათი ხმა დროულად და სათანადოდ არ იქნება წარმოჩენილი ცენტრალურ ხელისუფლებაში. ეს და სხვა არაერთი არგუმენტი გახდა მიზეზი იმისა, რომ პარტიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, თავისუფალი კენჭისყრის პირობებში თითოეულ დეპუტატს ჩვენი არჩევანი დაგვეფიქსირებინა.
შედეგად, გამოჩნდა, რომ ამ ინიციატივას არ ეყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა და პარლამენტმა ძალაში დატოვა 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
და ბოლოს, როგორც ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, ესეც თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში, გარდაიქმნება ხალხის ნდობაში”, _ წერს წილოსანი.