“ქართული ოცნების“ ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ აქციის მონაწილეების გადაადგილებაზე თვალთვალი არ მიმდინარეობს და ეს მეთოდი “ნაციონალური მოძრაობის“ დროს აპრობირებული იყო.
“გურია ნიუსმა“ სწორედ დღეს განვითარებულ მოვლენებზე სცადა ირაკლი კუჭავას ჩაწერა.
“შეგიძლიათ კითხვები მომწეროთ, საჭესთან ვარ. მომწერეთ _ მე ასეთი სტილი მაქვს“, _ გვიპასუხა ირაკლი კუჭავამ.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ირაკლი კუჭავასთან:
_ ბატონო ირაკლი, თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი და ლეგიტიმურია ოპოზიციის მოთხოვნები და რატომ არ მოხდა ხელისუფლების მხრიდან დანაპირების შესრულება (საუბარი მაქვს არჩევნების პროპროციულ სისტემაზე გადასვლაზე).
_ მე, როგორც საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, სრულად ვიზიარებდი და ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის პოზიციას პროპორციული არჩევნების ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ არა მხოლოდ საპარლამენტო, ადგილობრივი არჩევნებიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვის დროს არაერთხელ დავაფიქსირე. ხაზგასმით ვამბობ _ ეს ჩემი პოზიციაა, იმ ადამიანის, რომელიც 1998 წელს ამ წესით არჩეულ საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
ოპოზიციას რამდენიმე, მათ შორის, კონსტიტუციასთან შეუსაბამო მოთხოვნები აქვს, თუმცა, ეს არ გამორიცხავს პროცესების სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან ძალისხმევის აუცილებლობას. ამაზე კომპეტენტურმა კონსტიტუციონალისტებმა უნდა ისაუბრონ.
_ ოპოზიცია აცხადებს, რომ რეგიონებიდან წასულ აქციის მონაწილეებს სუს-ი უთვალთვალებს. გახსენებთ თუ არა ეს პროცესი “ნაცმოძრაობის“ დროინდელ წლებს?
_ რაც შეეხება მომიტინგეებისადმი თვალთვალს ან გადაადგილებაში ხელის შეშლას, ნუ მესაუბრებით, როგორც შემდგარ ფაქტზე. ასეთი რამ ჩვენს მუნიციპალიტეტში არ მომხდარა და იმედია, არც სხვაგან. მე ობიექტებზე ვარ და ტელევიზიით მოვლენების დაკვირვების საშუალება არ მქონია. თქვენც კარგად გახსოვთ, იმედია, წინა ხელისუფლება როგორ იქცეოდა _ საბურავების დასახვრეტი მოწყობილობებით იყო მოფენილი დასავლეთ- აღმოსავლეთის მაგისტრალი. ამას, ჩემი ღრმა, რწმენით ,,ქართული ოცნება,, არ იკადრებს, მათ შორის წმინდა პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. საქართველოს მოქალაქეების არჩევანს წინ ვერაფერი დაუდგება და ამის მთავარი გარანტი დღევანდელი მოცემულობით და ზოგადადაც არის ხელისუფლება.