დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა.
მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
“მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.
ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს.
დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე.
შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია,” – განაცხადა კახა კალაძემ.