პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამართალდამცავი სისტემის რეფორმა მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს, რადგან აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით, გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ არ გაგრძელდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა.
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 2020 წელს უნდა გავაგრძელოთ საგამოძიებო სისტემის დაწყებული რეფორმა, რათა მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით. ამასთან, 2020 წლისთვის გააქტიურდება ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს და სამდივნოს მუშაობა, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება პრიორიტეტი 2020 წელსაც, ისევე, როგორც გასული წლების განმავლობაში,“_ განაცხადა პრემიერმა.