„დღეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს 30 წელი შეუსრულდა. 1990 წლის 15 თებერვალს, ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა“, _ ასე იწყებს თავის განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.
კობიაშვილი ასევე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართულმა ფეხბურთმა გრძელი გზა განვლო, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ქართული ფეხბურთის წარმატების ისტორია თითოეულ მხარდამჭერთან ერთად დაიწერება.
„გარდა სპორტული დამოუკიდებლობისა, 30 წლის წინ, ფეხბურთის ფედერაციის დაარსებით, ქართული ფეხბურთის კომუნა, უმნიშვნელოვანეს, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს გამოექომაგა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არამხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საიუბილეო თარიღიდან, მალევე დაახლოებით, ერთი თვის თავზე, დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და გაიმართა საქართველოს თასის პირველი გათამაშება.
მას შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა გრძელი გზა განვლო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში და დღესაც აქტიურად ემსახურება მას.
წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანის ჩართულობით და მხარდაჭერით, ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის წარმატების ისტორიას!“_ წერია ლევან კობიაშვილის განცხადებაში.