საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი კორონავირუსის პირობებში გახანგრძლივებული არდადეგების გამო, პროფესიულ განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციები და გეგმა შეიმუშავა.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კოლეჯებს მიმართა რეკომენდაციით, მისცენ რიგგარეშე ანაზღაურებადი შვებულება იმ პროფესიულ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან დროებით შეჩერებული პროგრამების განხორციელებაში.
სამინისტროს რეკომენდაციით, პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია უკვე გადასულია ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაში არ არსებობს აკადემიური წელი და სემესტრები, ყოველ პროგრამას განსაზღვრული აქვს სხვადასხვა ხანგრძლივობა. შესაბამისად, არდადეგების გამოცხადებამ გამოიწია მხოლოდ სწავლის ერთი თვით გვიან დასრულება, რაც არ უქმნის საფრთხეს სტუდენტების მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დაძლევას;
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, მაისის დასაწყისში, ხოლო აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.
ახალი პროგრამების მოქნილი ავტორიზაციისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შემუშავებული აქვს ავტორიზაციის პროცესის ელექტრონულად წარმართვის მექანიზმი,” – განმარტავს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი.