ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი, ბესო ქათამაძე ოზურგეთის მერიას სოციალურად დაუცველთათვის პროდუქტების შესყიდვის გამო, კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს.
ის თავის ფეისბუკგვერდზე წერს:
“ამ დროს და ასეთ ვითარებაშიც, რომ ფულის გაკეთებაზე ფიქრობენ, ძალიან სირცხვილია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი პროდუქტები, გაორმაგებულ ფასებში, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შეისყიდა, რა დროსაც 10 000 ლარზე მეტით ზედმეტი გადაიხადა, არსებულ ფასებთან შედარებით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო რას ფიქრობთ თქვნ, ჩვენი მოყვანილია გადმოგვაბრალებთ და ბრიფინგზე დაგმობთ”.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და აღნიშნულის თაობაზე ჰკითხა.
კერძოდ, შეესაბამება თუ არა ქათამაძის განცხადება სინამდვილეს.
_მოგახსენებთ, რომ მერიაში არსებობს შესყიდვების სამსახური, რომლის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით არის ყველაფერი გაკეთებული. ჩვენ უფრო ადრეც გვინდოდა პროდუქტების შესყიდვა, აღნიშნულმა სამსახურმა ჩაატარა ფასების მოკვლევა. იმ პერიოდისთვის, კარგად იცით, ასე ვთქვათ, როგორ თამაშობდა ფასები. სწორედ ამ ფასის ცვლილების გამო, ვერავინ გვითხრა თანხმობა. ბოლოს, როგორც მოხდა შეთანხმება კონკრეტულ პირთან, ვიმეორებ, კანონმდებლობის სრული დაცვით, ისე მოხდა შესყიდვა.
_ქათამაძე რატომ წერს, რომ ათი ათასი ლარით ზედმეტი გადაიხადეთ?
_ვიმეორებ, ყველაფერი კანონმდებლობის სრული დაცვით გაკეთდა. ფასებიც შეთანხმდა. მე რა ვიცი, რატომ წერს, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.