საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე, პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” თანმდევ პროექტებთან ერთად.
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება ორი მუხლი:
- პირველი მუხლის თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.
აღნიშნულ მუხლს თან ერთვის შენიშვნა, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში შსს-ს უფლებამოსილ პირს შეუძლია გონივრულ ვადაში სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, აღნიშნული ქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.
- მეორე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 2 მაისიდან.