ყველა პროგნოზით და დიდი ალბათობით, საფრთხე იარსებებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომაზეც. სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მოიმატებს, რადგან დაიწყება რესპირატორული დაავადებების სეზონი და შესაბამისად, საფრთხეც გაიზრდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ანატომია“.
„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ სოციალური დისტანცია, თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ, დახურულ სივრცეებში პირბადე ვატაროთ. ხელის დაბანას აღარ გავიმეორებ, რადგან ეს სხვა დროსაც არ გვაწყენს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ტურისტული სეზონის გახსნა განსაკუთრებულ რისკთან არაა დაკავშირებული, რადგან სასაზღვრო კონტროლი ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანის შემოსვლის რისკს გამორიცხავს.
„მთელი ეს პერიოდი ძალიან კარგად იმუშავა საზღვრებზე მაქსიმალურმა კონტროლმა და იმან, რომ ყველა ჩამოსული საკარანტინო სივრცეში გადაჰყავდათ. ასეთივე მკაცრი კონტროლი იქნება ტურისტების შემთხვევაშიც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება – ტურისტი რომ ჩამოდის, პრაქტიკულად, ისეთი რეკომენდაციებია მომზადებული სამასპინძლო ბიზნესისთვის, რომ, მოდით, ასე ვთქვათ, თითქმის კარანტინში იქნებიან“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მან საზღვაო სეზონის გახსნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პლაჟებზე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ გარშემომყოფებთან კონტაქტისგან.
„რა თქმა უნდა, ცურვისას გვერდით მოცურავეს არ ვეხუტებით ხოლმე ადამიანები. აქედან გამომდინარე, ზღვაში ცურვა პრობლემა არ იქნება, მაგრამ პლაჟზე ყოფნისას, ოჯახებს თუ არ ჩავთვლით, გარშემომყოფებთან სოციალური დისტანცია უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.