ახალ კორონავირუსზე გამოკვლევის მიზნით, ლილოს ბაზრობაზე მოვაჭრეების ტესტირება მიმდინარეობს. ბაზრობაზე დღის განმავლობაში 400-დან 500-მდე პირის პისიარტესტირება ხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, პროცესმა უნდა მოიცვას ლილოს ბაზრობის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ადგილზე სხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებებიც ტარდება.
ბაზრობის ტერიტორიაზე შემოწმების მიზნით იმყოფებოდნენ ასევე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები.
ამასთან, ბაზრობის შესასვლელებში ყველა პირს უტარდება თერმოსკრინინგი და ხელის დეზინფექცია, სავალდებულოა პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენებისა და დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე ბაზრობის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ადმინისტრაცია სპეციალური ხმოვანი შეტყობინებითაც აფრთხილებს.
„მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, უკვე ოთხი ჯგუფი მუშაობს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში მოვიცავთ მეწარმეთა მთლიან რაოდენობას. დღეს ისევ მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურის მიერ დაკომპლექტებული ჯგუფები – შრომის ინსპექცია, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, ასევე მერია. ყველაფერი კეთდება, რომ ყველა მეწარმემ მაქსიმალურად დაიცვას და შეასრულოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და სავალდებულო რეგულაციები, რათა საქმიანობა უსაფრთხო იყოს, როგორც მათთვის, ისე მომხმარებლისთვის. ამ პრინციპების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა ლილოს ბაზრობის დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ.
ლილოს ბაზრობაზე გუშინ ახალი კორონავირუსის რვა შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევათა შორის სამის წყაროც ასევე ლილოს ბაზრობაა.
წყარო: 1tv