შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა – ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.