ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მზაობა, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, ხელს შეუწყობს დიალოგის პროცესის დაწყებას.
ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა:
„დიალოგის პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მხარეები მოლაპარაკებების რეჟიმზე გადავიდნენ და კონსენსუსის შედეგად შეძლონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა. საქართველოს, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შეუძლია, სამშვიდობო პროცესის დაწყების ფასილიტატორი გახდეს. თუმცა, სამშვიდობო ფორუმის სათანადოდ მასპინძლობისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების განხორციელება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის ესკალაცია, დაძაბულობა“, _ განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
„სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და განვითარებისათვის აუცილებელია სამხედრო კონფლიქტის დეესკალაცია და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარება. ამის რესურსი უნდა გააჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობას. ომს ყოველთვის მოაქვს ზიანი და ამ მტკივნეული პროცესის შესაჩერებლად საჭიროა, მხარეები დავარწმუნოთ დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის უალტერნატივობაში.
საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები კონფლიქტის ორივე მხარესთან იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, თბილისმა მხარეებს შორის სამშვიდობო დიალოგს უმასპინძლოს“, _ აღნიშნა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
ინფორმაციას ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ პრესსამსახური ავრცელებს.