დღეს ლანჩხუთს ახლადშექმნილი პარტიის „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი მარიამ ჯაში სტუმრობდა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინო შეწირულთან ერთად. შეხვედრაზე მიპატიჟებული მედია საშუალების წარმომადგენლებიც იყვნენ და როგორც გაჟღერდა, „სოლიდარობის ალიანსის“ რიგებს ლანჩხუთიდან „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტიური წევრები ნიკა ვადაჭკორია, ჯანო ქინქლაძე და ავთანდილ სარჯველაძე შეუერთდნენ. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ოზურგეთში „ოცნების“ რიგები დატოვა თამარ დუმბაძემ და ახლა მათ გვერდითაა.
„ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი ტოვებს მმართველ პარტიას და „სოლიდარობის ალიანსს“ უერთდება, თუმცა, ბევრი მათგანი ამის საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებს. პირველი, ვინც „ოცნება“ დატოვა და ჩვენს რიგებს შემოუერთდა, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა იყო, პროცესი კვლავ გრძელდება“-თქვა მარიამ ჯაშმა.