ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დღის წესრიგში შეტანილი 17 საკითხიდან, ყველაზე მეტი ხმაური და დავა გამოიწვია მეოთხე საკითხმა: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემოქმედის ადმინსტრაციულ ერთეულში მდებარე 6 ათასი კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“, რომელიც ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა.
საქმე ეხება, აღნიშნული მიწის ნაკვეთის, ტურისტული ეკობანაკის მოსაწყობად, სასყიდლიანი იჯარის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში 20 წლის ვადით, იოსებ ერქომაიშვილისთვის გადაცემას.
სხდომას თვით ერქომაიშვილიც (გურიის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, ახლა ტურიზმის სფეროშია დაკავებული), ესწრებოდა.
საკითხის ირგვლივ ცხარე დისკუსია დაიწყო. კერძოდ, იმის გამო, რომ ერქომაიშვილის გარდა, აღნიშნულ ნაკვეთზე, დღის წესრიგის მეორე საკითხშიც იყო საუბარი, აუქციონის წესით გასხვისებაზე.
საკრებულოს წევრებმა, მომხსენებელს, ალეკო მამეშვილს უთხრეს, რომ ნონსენსია, მუნიციპალიტეტის მერიამ, ერთ ნაკვეთზე, ერთ გასასხვისებელ ობიექტზე ორი ინიციატივა წარმოადგინოს.
საკრებულოს წევრმა, გოჩა კილაძემ, რომელიც ამავე დროს შესაბმისი კომისიის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მართალია, იურისტები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ თავად მაინც მიიჩნევს, რომ თუ ერთ ნაკვეთზე ორი ინიციატივა შემოიტანა, მაშინ გაგრძელდეს საკითხის განხილვა. ამის შემდეგ კი, საკრებულომ უკეთესი ვარიანტი დატოვოს, ან მერიამ უკან გაიწვიოს ერთი ინიციატივა და დატოვოს უფრო უმჯობესი.
უფრო კრიტიკული და კატეგორიულიც იყო საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი, თორნიკე გოგუაძე.
მან განაცხადა, რომ სირცხვილია ამ ნაკვეთის გაყიდვა, რადგან აუქციონზე მყიდველმა, შესაძლოა, ის სულ სხვა მიზნით გამოიყენოს და წყალში ჩაიყაროს სპორტული პროფილით მიღწეული წარმატებები, რაც კაიაკინგს ეხება.
_თუ მერია ვერ წყვეტს ან უარს ვერ ეუბნება ვერცერთს, მაშინ ჩვენ, საკრებულომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და პირობიანი იჯარით გაცემას დავუჭიროთ მხარი,_ განაცხადა გოგუაძემ.
_ ვთქვათ და ერთი თვით გადადეთ საკითხის განხილვა, მერეც რომ არ მოგეწონოთ, სანამდე უნდა გადადოთ? _ იკითხა საკრებულოს წევრმა ლევან მგელაძემ და მან, გოგუაძის მსგავსად, პირობიანი იჯარით გაცემას დაუჭირა მხარი.
თავის მხრივ, პირობიანი იჯარით აღების მოსურნე იოსებ ერქომაიშვილმაც, სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ ამ საკითხის დაპაუზებით, ტურიზმის განვითარებას ხელი შეეშლება.
საკმაო კამათის შემდეგ, რაც დავა უფრო იყო, ვიდრე განხილვა, საკითხი კვლავ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღეს და გააგრძელეს მისი განხილვის ვადა.
ვრცლად,საკითხის ირგვლივ, მალე იხილავთ „გურია ნიუსში“.