ბადრი ჯაფარიძე: „ერთი კაცის ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა ემსახურება იმ ერთ კაცს. ჩვენ ვიქნებით მთავრობა, რომელიც თქვენ გემსახურებათ!“
„ერთი კაცის ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა ემსახურება იმ ერთ კაცს. ჩვენ ვიქნებით მთავრობა, რომელიც თქვენ გემსახურებათ“, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი სიორიძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უახლოვდება ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებს, როდესაც უნდა შეჩერდეს ქვეყნის ვარდნა და ნგრევა, რაც წლებია მიმდინარეობს.
„ამ არჩევნებზე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა დაუბრუნდეთ რწმენა, ჩვენს ოჯახებში უნდა დაბრუნდეს იმედები. 31 ოქტომბერს ყველანი მობილიზებულად უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, შემოვხაზოთ 56 და ხმა მივცეთ ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს იქნება დღე, როცა ჩვენ შევცლით ნეგატიურ წარსულს და დავიწყებთ ნამდვილი, მყარი, მდგრადი და მომავლის ქვეყნის შენებას.
30 წლის წინ ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ხმა მივეცით ქვეყნის დამოუკიდებლობას, დავამარცხეთ კომუნისტური პარტია და ერთ წელიწადში გამოვაცხადეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა. ახლა ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, სიღატაკე, უიმედობა, არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, კორუფცია და უნდა შევქმნათ რეგიონის ფლაგმანი ქვეყანა ყველა მიმართულებით“, _ აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ „ლელო არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველასგან გამოირჩევა იმით, რომ მისმა წევრებმა განვლილი ცხოვრებით უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ წარმატებით აკეთონ თავიანთი საქმე“:
„ჩვენ დავასრულებთ იმ დროს, როდესაც პოლიტიკაში მოდიოდნენ ხელმოცარული ადამიანები და მოდიოდნენ თავიანთი კეთილდღეობისათვის. ჩვენ მოვდივართ თქვენი კეთილდღეობისათვის. ჩვენ შევქმენით ყელაზე მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც სიმბოლურად ვუწოდეთ ახალი „მარშალის გეგმა“ საქართველოს რეკონსტრუქციისათვის, რომელიც გულისხმობს ძირეულ გარდაქმნას, რეფორმას და წარმატებას ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ეს გეგმა გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის გაორმაგებას.
არჩევნების მეორე დღიდანვე ხელში უნდა ავიღოთ მართვის სადავეები, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ შევძლებთ პანდემიის მართვასაც, ჩვენ შევძლებთ პარალელურად ეკონომიკის ვარდნის შეჩერებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერებას და ვითარების დასტაბილურებას.
ჩვენ შევძლებთ ადამიანებში დავაბრუნოთ რწმენა, რომ გვყავს კომპეტენტური მთავრობა, რომელმაც იცის, როგორ მართოს ქვეყანა, რომელიც დაკომპლექტებულია კომპეტენციის ნიშნით და არა ერთი კაცის ერთგულების ნიშნით. ერთი კაცის ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული მთავრობა ემსახურება იმ ერთ კაცს. ჩვენ ვიქნებით მთავრობა, რომელიც თქვენ გემსახურებათ“, _ აღნიშნა გამოსვლისას ბადრი ჯაფარიძემ.
(R)