ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, 30-ვე საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.
დონაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, ევროპულმა საქართველომ საუბნო შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა როგორც საოლქო კომისიებში, ისე სასამართლოში, თუმცა არცერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.
დონაძის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დააკმაყოფილებს რომელიმე სარჩელს და დაადგენს რეალურ სურათს.
„დაუბალანდებელი და გადასწორებული საუბნო შემაჯამებელი ოქმები ევროპულმა საქართველომ გაასაჩივრა საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც არ დაკმაყოფილდა, ასევე გაასაჩივრა სასამართლოში, სადაც არ დაკმაყოფილდა და შემდეგ უკვე, 12 ნოემბერს, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ დაწერა ოლქის შემაჯამებელი ოქმები, აღნიშნული ოქმები, 30-ივე ოლქის საოლქო შემაჯამებელი ოქმი გასაჩივრდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
სხდომა კანონით უნდა ჩაინიშნოს დღეს, რაც შეეხება მოლოდინებს, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ცენტრალური საარჩვნო კომისია რამეს შეცვლის ან რომელიმე საჩივარს დააკმაყოფილებს, რადგან თუკი აღნიშნული საჩივრების დაკმაყოფილება სურდა ქართულ ოცნებასა და ხელისუფლებას, ისინი ამას დააკმაყოფილებდნენ ამას ქვედა დონეზე, სადაც შესაძლებელი იყო რეალობის დადგენა და გადათვლა უბნების.“ – განაცხადა დონაძემ.