საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.
სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ფედერაციის კანცელარიაში ჩაფუშული ბურთისა და ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” დატოვებას გეგმავდნენ, რაც, მათი თქმით, “მორალისგან დაცლილი ხელისუფლებისა” და უთანასწორობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ.
ფედერაციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი, შემდგომ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.