სამტრედიაში სოფელი ბაში დაიტბორა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საჭრელი არხები არ არის გაწმენდილი.
„ეს არის ოცდაათწლიანი პრობლემა. როცა სოფელში ჰესი აშენდა, მოსაზღვრე სოფლებმა ფარცხანაყანები, ოფშკვითი და საყულია თავისი საჭრელი წყლები მიუერთდა ბაშისკენ მიმავალ სადრენაჟე არხს, რომელიც ვერ იტევს ნამატ წყალს და გადმოდის სოფელში“,_ ამბობს ჩვენთან საუბრისას მერის წარმომადგენელი ბაშში, რამაზ კაშია.
დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, სათბურები.
სტიქიის ადგილზე იმყოფება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია და მერის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი.
ისინი შეხვდნენ ადგილზე მოსახლეობას და ვითარებაში გაერკვნენ.
მათი თქმით, თუ წვიმამ არ გადაიღო, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.
წვიმის გადაუღებლობის შემთხვევაში არსებობს წყლის დონის კიდევ უფრო მეტად მომატების საფრთხე, რაც უფრო მეტი ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს.