კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. პანდემიის ფონზე შექმნილი საგანმანათლებლო გამოწვევების საპასუხოდ, ბანკის და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კლასგარეშე გაკვეთილების შეთავაზებას განაგრძობს.
ონლაინ სკოლის საგანმანათლებლო პროცესში პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული. გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებითა და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ, მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება. სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით საჩუქრად კვლავაც გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
„განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით არაფორმალურ განათლებას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. დისტანციურ სწავლებაზე მორგება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა „წიგნების თაროს სკოლა“. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებითი კლასის მოსწავლეების განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი გზები განათლების ხელშეწყობისთვის“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში. (R)