წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ გამოჩენილმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ქალაქ ლოს ანჯელესის სასამართლოში, “Netflix”-ს სერიალ “ლაზიერის გამბიტში” მოყვანილი არასწორი ფაქტებისა და ეროვნების არასწორად გადმოცემის გამო უჩივლა.
ორი დღის წინ ქართული საზოგადოებისათვის ამ საქმის ირგვლივ ახალი საინტერესო გარემოება გახდა ცნობილი.
ამ სერიალის გადაღებისას “Netfix”-ის კონსულტანტი ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებული გარი კასპაროვი გახლდათ. რასაკვირველია, ამ უკანასკნელმა შესანიშნავად იცოდა და იცის, რომ გაფრინდაშვილი კაცების შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდა.
არავინ იცის, რა ინფორმაცია მიაწოდა თუ დაუდასტურა გარი კასპაროვმა სერიალის გადამღებ ჯგუფს. თუმცა, მან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებისა და კაცების წინააღმდეგ გამართული მატჩების შესახებ. რამდენიმე დღეა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაფრინდაშვილმა “Netflix”-ს უჩივლა, კასპაროვის განცხადება კი, ჯერჯერობით, არსად ჩანს. ეს ეჭვებს აძლიერებს, რომ არასწორი ინფორმაციის წყარო, შესაძლოა, თავად გარი კასპაროვი იყოს.
ბოლო შაბათ-კვირის მთავარი მოქმედი გმირი კი ესპანური “ვალენსიას” კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი აღმოჩნდა _ ფეხბურთელს რომელიც სამი თვის წინ თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა, 19 სექტემბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ასპარეზობა მოუწია.
ქართველმა ნორმალურად ითამაშა. შეხვედრის მსვლელობისას რვა დარტყმა მოიგერია, თუმცა, მატჩის დასასრულს, სამწუთიან შუალედში ორი გოლი გაუშვა. პირველი ბურთი აუღებელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, მეორე კი მამარდაშვილის შეცდომის ბრალი გახლდათ.
მატჩის შემდეგ პოპულარულმა სტატისტიკურმა პორტალმა, “sofascore”, ფეხბურთელების შეფასებები გაასაჯაროვა. აღნიშნულმა სააგენტომ “რეალის” წინააღმდეგ ქართველი მეკარის შეფასების გრაფაში 7.0 ჩაწერა, რაც საბოლოო ჯამში, ორივე გუნდის ფეხბურთელების შეფასებების გათვალისწინებით, არც ისე დაბალია.
უკვე მოგვიანებით მამარდაშვილის ასპარეზობის შესახებ ესპანურ მასმედიაში რამდენიმე მოსაზრება გავრცელდა.
“ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. გადაცემა “Tiempo de Juego”-ში სტუმრობისას კანისარესმა აღნიშნა, რომ ვინისიუსის ჩაწოდება ბრწყინვალე იყო და მეკარე ბურთის მოგერიებას ვერ შეძლებდა. მისი აზრით, მამარდაშვილი კარიდან რომ არ გამოსულიყო, 95 პროცენტით გოლი მაინც გავიდოდა.
გამოცემა “AS”: “ეს იყო გიორგი მამარდაშვილის პირველი დიდი თამაში “ვალენსიას” მაისურით. ის ამ შეხვედრაში ძირითადად ბურთების მოგერიებით იყო დაკავებული. პირველად იყო აზარის დარტყმა, შემდეგ ვალვერდესი, მოგვიანებით ბენზემამ შეასრულა დარტყმა და მამარდაშვილი პოზიციურად სწორად იდგა, თუმცა, შემდეგ ბურთი მაინც გაუშვა. პირველი გოლის ეპიზოდში მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია, თუმცა, მეორე გოლისას კარიდან ცუდად გამოვიდა და ბენზემამ შეცდომა არ აპატია”.
“ვალენსია” ესპანეთის პირველობის მორიგ შეხვედრას 22 სექტემბერს, სტუმრად, “სევილიას” წინააღმდეგ ჩაატარებს. იმედია, ქართველ მეკარეს კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
“სერენში” დაბრუნებულმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, მაგრამ, ეს მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. “სერენი” სტუმრად “ანტვერპენს” დაუპირისპირდა. ანგარიში ქართველმა გახსნა, თუმცა, მისი გუნდი მაინც დამარცხდა – 1:2.
სასიხარულო ცნობა გავრცელდა შორეული ბრაზილიიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში “ფეხბურთის მეფე” პელე შეუძლოდ გახლდათ.
ამ თვეში 80 წლის ლეგენდას მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა და გარკვეული დროით შემდგომი დაკვირვებისთვის საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ორი დღის წინ პელემ გულშემატკივრებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება.
“ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. კარგი განწყობა საუკეთესო თერაპიაა, შესანიშნავ ხასიათზე ვარ, სხვაგვარად არ შეიძლება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არა ერთი პრობლემა მაწუხებდა, ჩემი გული მადლიერებითაა სავსე. უდიდესი მადლობა “ალბერტ აინშტაინის” კლინიკის წარმომადგენლებს”.
[sexy_author_bio]