მდუმარებაში მყოფი ბერი ნიკოლოზის მრევლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება ბერს წლების წინ ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები:
„ 2007 წლის ზაფხულში მითხრეს სიზმარში:
„სააკაშვილი პრეზიდენტი დაიჭირეს, ეგ 21 – ე.ი (ოცდამეერთეა!!) ალბათ, მისი 21 სახე, ფიგურა. შეიძლება მერე იჭერენ. მთავარი პროგრამისტი როგორც დაგეგმავს, ისე იქნება.
ეს გამოიწვევს პატრიარქის გადადგომას!“ – წერია ფეისბუქ პოსტში.
გვერდის ადმინი კომენტარებში მიხეილ სააკაშვილის მაისურზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მას დაკავების მომენტში ეცვა და წერს: „ჩვენი აღქმით – რიცხვ 21-ს სიმბოლური დატვირთავა გააჩნია და ზუსტად ემთხვევა სააკაშვილის მაისურის წარწერას, რომელიც დაკავების დროს ეცვა“.
ბერ ნიკოლოზს „გურია ნიუსის“ მკითხველი ჩვენი სტატიიდან უკვე იცნობს. ის ბერად 1992 წელს აღიკვეცა და ბერი გაბრიელის მორჩილებაში იმყოფებოდა. მალევე საპატრიარქომ მღვდელმსახურება ავადმყოფობის მიზეზით აუკრძალა. მამა ნიკოლოზი უკვე 15 წელია მდუმარებაშია და მრევლს ჩანაწერებით ეკონტაქტება, სადაც თავის თავს პატრიარქს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს და მეფეს უწოდებს. ამჟამად ის ზემო ფონიჭალაში ცხოვრობს, თუმცა ზემო ფონიჭალაში გადმოსვლამდე ბერი ბარნოვზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ნათესავმა უსასყიდლოდ დაუთმო. ის არაერთხელ გახდა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი. ბერის „უცნაური“ საქციელის გამო, რაც ბინიდან ზეთის და ღვინის გადმოღვრასთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადმოყრაში გამოიხატებოდა, იგი გამოასახლეს. ამ გამოსახლებისას კი მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და მამა ნიკოლოზს შორის, რაშიც მისი მრევლიც ჩაერთო. ბერის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეც 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.