რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმარი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სასადილოში სხვის გადასარჩენად იმყოფებოდნენ.
ინფორმაცია “კურიერს” იმ მსჯავრდებულთა ადვოკატმა დაუდასტურა, რომლებიც სასჯელს აღნიშნულ პენიტენტციურ დაწესებულებაში იხდიან.
“მე ვუკავშირდებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ახლობელებს, რადგან მათგან გამეგო რაიმე სახის ინფორმაცია და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა რომ დაუკავშირდა ციხიდან პატიმარი, შეატყობინა რომ ცოცხალია, გადარჩა, კარგად არის, თუმცა სამწუხაროდ, ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. ასევე, შემატყობინეს ასეთი ინფორმაცია, რომ ცეცხლი გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც გადაედო სავარაუდოდ საწყობს და ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელ და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით და სამწუხაროდ იქიდან ვეღარ გამოვიდნენ,“ – ამბობს ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
ციხეში 2 ადამიანის დაღუპვის ფაქტი იუსტიციის სამინისტროშიც ადასტურებენ.
წყარო: რუსთავი 2