ჩაის კულტურას რომ უპირველესი ადგილი ეჭირა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების საქმეში, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ გაშენდა არა ერთი კულტურა, გურიის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც პრიორიტეტულ კულტურად ჩაის მოიხსენიებს.
ჯერ კიდევ შემორჩენილი ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ბოლო პერიოდში აქტიურად შეუდგა ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩაბმული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური და ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი “ანასეული”.
ბენეფიციართა განაცხადის საფუძველზე, ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტები ადგილზე ამოწმებენ ჩაის პლანტაციების ყველა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განაპირობებს რეაბილიტაციის მიზანშეწონილობას. პარალელურად ამოწმებენ ნიადაგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და მიღებული მონაცემების საფუძველზე თითოეული ნაკვეთისთვის ადგენენ რეაბილიტაციის სამწლიან აგროტექნოლოგიურ გეგმას, შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალით.
ბოლო განვლილი ხუთი წლის მანძილზე, მომსახურება გაეწია ასამდე ბენეფიციარს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 2000 ჰა-ზე მეტ ჩაის ნარგაობაში, რაშიც სახელმწიფო თანადაფინანსება სამ მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.
ჩვენ, სპეციალისტები, პერიოდულად ვაქვეყნებდით ინფორმაციებს ჩაის რეაბილიტაციის მიმდინარეობის საკითხებზე, სადაც მივუთითებდით პროგრამის დადებით მხარეებზე, თუმცა, გვქონდა შენიშვნებიც, რაც არსებითად გააუმჯობესებდა პლანტაციების მდგომარეობას.
ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი კმაყოფილია სახელმწიფო პროგრამითა და თანადაფინანსებით, თუმცა, ნაწილი გამოთქვამს უკმაყოფილებას სამუშაოთა შესრულების პროცესში არსებულ ბევრ წინააღმდეგობებზე. მათთვის განსაკუთრებით მტკივნეულია რეაბილიტაციის მეორე, მესამე და შემდგომ წლებში პლანტაციების მოვლითი ღონისძიებების (ნაკვეთების სარეველებისგან გასუფთავება, მექანიზაციის დაბალი დონე, მუშახელის დეფიციტი, ფოთლის კრეფა, გადამუშავება და რეალიზაცია), ძირითადი საკითხები.
სამწუხაროდ, ბენეფიციართა უმეტესობას, რომლებიც მეჩაიეობის დარგის ნაკლებ კომპეტენტური პიროვნებები არიან, თავიდანვე ვერ წარმოედგინათ რაოდენ შრომატევადი და საპასუხისმგებლო იქნებოდა ეს პროცესი. ჩვენ, მეცნიერ-სპეციალისტები, მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ თითოეულ მათგანს მათთვის პრობლემური საკითხების საინფორმაციო უზრუნველყოფაში.
ბევრი ბენეფიციარი წარმატებით ართმევს თავს აღებულ ვალდებულებას და შედეგებიც კარგია, თუმცა, კარგი იქნება, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესდება აღნიშნული პრობლემის მონიტორინგითა და ბენეფიციართა დახმარების საკითხების მოგვარებით.
ახლა კი, რჩევები _ როგორც ვიუწყებოდით, სარეაბილიტაციო პლანტაციათა უმეტესობა მეჩხერია. საშუალო მეჩხერიანობა რეგიონების, ზონებისა და ნაკვეთების მიხედვით 15-30%-ის ფარგლებში მერყეობს. განსაკუთრებით დიდია მეჩხერიანობა კვადრატულ-ბუდობრივ და სწორკუთხა წესით გაშენებულ ნაკვეთებში. რაც შეეხება შპალერული წესით გაშენებულ პლანტაციებს (გურია სამეგრელო, აჭარა), აქ მეჩხერიანობა ნაკლებია.
ჩაის მეჩხერი პლანტაციები დამატებით საზრუნავს უჩენს მეპატრონეებს, ჯერ ერთი _ მეჩხერ ადგილებში მასობრივად ვითარდება სარეველები და დაბალია ნაკვეთების პროდუქტიულობა. ყოველივე აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, როდესაც ბენეფიციართა გარკვეული ნაწილი აყენებს მის საკუთრებაში არსებული ჩაის მეჩხერი ნაკვეთების გარემონტების საკითხს. ხშირია მომართვიანობა, როგორმე მივაწოდოთ თესლნერგები პლანტაციების გასარემონტებლად. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ არსებობს ჩაის სპეციალური სანერგეები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების, ისე არსებული მეჩხერი ნაკვეთების რემონტს.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის მინისანერგეში, ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ ჩაის ჯიშ “კოლხიდას” ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგების მცირე რაოდენობას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ამ ჯიშის სპეციალური სადედე, საკალმე და სათესლე ნაკვეთების გასაშენებლად. რაც შეეხება ამ ნერგების რემონტით გამოყენების დანიშნულებას, რეკომენდაციას არ ვაძლევთ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბენეფიციარებს ვთავაზობთ ჩაის თესლნერგების გამოყვანის და მათ დაქვემდებარებაში არსებული მეჩხერი პლანტაციების რემონტის უზრუნველყოფის კონკრეტულ რეკომენდაციას:
ჩაის თესლნერგების გამოყვანა: ჩაის თესლნერგების მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სათესლე მასალა, რომელიც პლანტაციის მეპატრონეს შეუძლია შეაგროვოს საკუთარ ნაკვეთში ან შეიძინოს სხვა მწარმოებლისგან.
თესლის კრეფა შესაძლებელია ოქტომბერ-ნოემბერში. მოკრეფილი თესლი უნდა გავშალოთ სარდაფში. შემდეგ მოხდება მისი გათავისუფლება ნაყოფ-გარემოსაგან. დაგვიანებით, ნოემბერ-დეკემბერში კი ჩაის თესლი გარჩეული სახით ცვივა ბუჩქების ქვეშ და შესაძლებელია მისი უშუალოდ აკრეფა და შეგროვება.
გარჩეული თესლი უმჯობესია, შევინახოთ გრილ სარდაფში, ათი სანტიმეტრის სისქით გაშლილი და პერიოდულად ავურიოთ. დაუშვებელია თესლის გამოშრობა ან ზედმეტად გადატენიანება.
თითოეულ მეურნეს საკუთარი საჭიროებისთვის შეუძლია მოაწყოს ჩაის თესლნერგების გამოსაყვანი მინისანერგე, რითაც ყოველწლიურად შეძლებს მისთვის საჭირო ნერგების გამოყვანას და მეჩხერი პლანტაციების პერმანენტულად აღდგენას.
დაინტერესებულ პირებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა, უფრო დიდ ფართობზე მოაწყონ ჩაის სანერგეები და ამით ხელი შეუწყონ საკუთარი ბიზნესის განვითარებას.
ჩაის თესლნერგების გამოსაყვანად, ქარისგან დაცულ ადგილას ეწყობა სპეციალური სანერგე მეურნეობა.
სანერგე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლითა და მისასვლელი გზით. ნერგის გამოსაყვანად გამოიყენება 15-20 სმ. ზომის დრენირებული პოლიეთილენის პარკები ან კონტეინერები.
სანერგის ერთ კვადრატულ მეტრზე თავსდება ასი ცალი სუბსტრაქტით შევსებული პარკი.
სუბსტრაქტად გამოიყენება წითელმიწა ან ეწერი ნიადაგის ზედა ჰუმუსოვანი ფენა.
კარგად გაფხვიერებულ ნიადაგთან სასურველია ტორფის შეზავება, შეფარდებით 2:1 . ასეთი წესით მომზადებული ნაზავი გაიცრება 10 მმ. დიამეტრის ნახვრეტებიან საცერში, რომლის თითოეულ ტონას დაემატება 20 კგ სუპერფოსფატი და 5 კგ. კალიუმის სასუქი. ასეთი ფხვიერი ერთგვაროვანი მასით ივსება პოლიეთილენის პარკები, რომელიც იწყობა წინასწარ მომზადებულ კვლებზე მჭიდროდ, ვერტიკალურ მდგომარეობაში.
კვლების სიგანეა 1-1,5 მეტრი, ხოლო კვლებს შორის ტოვებენ 40-45 სმ სიგანის თავისუფალ ზოლს გადაადგილებისთვის.
კვლები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარწყავი სისტემით. ერთი ჰა სანერგისთვის საჭიროა 250 კგ. თესლი.
კონდიციური ჩაის თესლით სანერგეში თესვა წარმოებს გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე, თებერვალსა და მარტში.
დათესვის წინ თესლს ათავსებენ წყლიან ვედროში. ზედაპირზე ამოტივტივებულ თესლს მოაცილებენ, როგორც უვარგისს. თითოეულ პარკში ათავსებენ 2-3 ცალ თესლს, 4-5 სმ. სიღრმეზე.
ერთი კგ. ჩაის თესლიდან შესაძლებელია 200-250 პარკის ჩათესვა. ნათესარების მოვლა მდგომარეობს სარეველებისგან პარკების სისტემატურ გახელვაში და საჭიროებისამებრ მორწყვაში.
თესლები გაღივებას იწყებენ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. ძლიერი სიცხეებისგან დასაცავად რეკომენდირებულია ახალგაზრდა ნათესარების დაჩრდილვა.
ივლის-აგვისტოში აწარმოებენ ნათესარების აზოტით გამოკვებას, ერთ მცენარეზე 0.5 გრამის გამოყენებით. აზოტით გამოკვების შემდეგ, ნათესარები უნდა მოირწყას.
ჩაის ნათესარები გვიან შემოდგომამდე აგრძელებენ ზრდას და მათი 30 % აღწევს სტანდარტულ 20-25 სმ სიმაღლეს, რომელთა გამოყენება მუდმივ ადგილზე გადასარგავად შესაძლებელია. ხოლო ნერგების არასტანდარტული 65-70% მეორე წელსაც რჩებიან სანერგეში, რისთვისაც მთელ სავეგეტაციო პერიოდში მიმდინარეობს მათი გახელვა, გაფხვიერება, მორწყვა და გამოკვება.
კარგი მოვლის პირობებში ნერგები შემოდგომაზე 50-80 სმ. სიმაღლეს აღწევენ, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემით და მზად არიან მუდმივ ადგილზე გადასარგავად.
იმ შემთხვევაში, როცა მეჩხერი პლანტაციების რემონტს აწარმოებენ პოლიეთილენის პარკებში ან კონტეინერებში გამოყვანილი ნერგებით, გასარემონტებელი მწკრივის ზოლი 35-40 სმ სიღრმეზე და 35 სმ სიგანეზე უნდა გადაიბაროს და გაფხვიერდეს.
ყოველ ერთ გრძივ მეტრზე შეიტანება ასი გრამი NPK (რთული კომპლექსური სასუქი). დამუშავებული ნიადაგის ყოველ 30-35 სმ-ზე ამოიღებენ 25-30 სმ სიღრმის ბუდნებს, ნერგს მოაშორებენ პოლიეთილენის ფირს და მიწის კომით ფრთხილად ჩაუშვებენ ორმოში შემდეგ მიაყრიან ფხვიერ მიწას, მოტკეპნიან და ირგვლივ მორწყავენ.
მეჩხერ პლანტაციებში სარემონტო სამუშაოები მიზანშეწონილია ჩატარდეს ახლა, შემოდგომაზე (ოქტომბერ-ნოემბერი) ან გაზაფხულზე (მარტი-აპრილი).
გარემონტებული ნაკვეთების მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დაუშვებელია ნაკვეთის დასარევლიანება, სავეგეტაციო პერიოდში ახალგაზრდა ნარგავებს ესაჭიროება ორჯერადი გამოკვება ამონიუმის გვარჯილით, თითოეულ ძირზე 5-10 გრ. რაოდენობით.
კარგი მოვლის პირობებში, ნაკვეთში გამორგული ნერგები 4-5 წელიწადში შეავსებენ მეჩხერ ადგილებს და პლანტაცია იქნება სრულყოფილი.
ასე რომ, ნუ დაელოდებით სხვას. რაც ადრე უზრუნველყოფთ თქვენი პლანტაციების მეჩხერიანობის ლიკვიდაციას, მით ადრე მიიღებთ სრულყოფილ, შეკრულ ჩაის ნარგაობას, სადაც გაიოლდება აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება და ყოველწლიურად მიიღებთ მაღალ და სტაბილურ მოსავალს.
პროფესორები:
ზაურ გაბრიჩიძე,
იოსებ ბასილია,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი