მადრიდის “რეალთან” განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ, ყველა ელოდა რომ კატალონიური “ბარსელონას” ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამდებობას გამოეთხოვებოდა. მისდა საბედნიეროდ, დროებით “გადარჩა” და მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული დრო მიიღო.
“სამეფო გუნდის” შემდეგ “ბარსა” მადრიდის გარეუბანში მოკრძალებულ “რაიო ვალეკანოს” დაუპირისპირდა და მორიგი სირცხვილი განიცადა _ 0:1. ამის შემდეგ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელების მოთმინების ფიალა აივსო და კუმანს დაუყოვნებლივ კარისაკენ მიუთითეს.
“ბარსელონაში” გუშინ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია კი შემდეგია.
“რაიო ვალეკანოსთან” წაგების შემდეგ რონალდ კუმანი საკუთარი ნებით გადადგომას არ აპირებდა. აი, რა განაცხადა ნიდერლანდელმა:
“მატჩში შესვლა გაგვიჭირდა. მოწინააღმდეგემ ჩვენზე დიდი ზეწოლა მოახდინა. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანი არ არის, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. არ ვიცი, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩემს მომავალს. “რაიო ვალეკანოს” ფეხბურთელებს კარგად არ ვიცნობ. შესაძლოა, მათ უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავდეთ ან ფიზიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მაღალ დონეზე შეგვიძლია თამაში. წარმოუდგენელია, რომ ეს თამაში წავაგეთ.
წინ ბევრი თამაში გველის. ყველაზე მეტად ჩვენი ეფექტურობა მაინტერესებს და არა თამაში. ჩვენ შევქმენით და ვითამაშეთ ჩვენს დონეზე, მაგრამ ესპანეთში ეს არაფრად არ ითვლება. ჯობს არაფერი თქვა”.
გათენდა გუშინდელი დილა და აღმოჩნდა რომ რონალდ კუმანი უმუშევართა არმიას შეუერთდა. “ბარსელონას” მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის ვებგვერდზე ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. გამოცემა “El Pais”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი კატალონიურ კლუბს რონალდ კუმანისთვის კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო კომპენსაციის სახით 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
რამდენიმე საათში გამოცემამ “მუნდო დეპორტივო” გაავრცელა ცნობა რომ “ბარსელონა” მოლაპარაკებას ჩავისთან აწარმოებდა, რათა მას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაეკავებინა.
მოგვიანებით გამოცემა “Sport.es”-ის მტკიცებით, ჩავისთან მოლაპარაკება ნაყოფიერად მიმდინარეობდა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ჩავი ერნანდესის არაბული “ალ სადიდან” წამოსვლის შემთხვევაში, “ბარსელონას” ამ კლუბისთვის კომპენსაციის სახით, 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.
ცნობილი გახდა რომ ჩავი “ბარსელონაში” იმ სამწვრთნელო შტაბით მივიდოდა, ვისთან ერთადაც არაბულ კლუბში ამჟამად მუშაობს. ესენი არიან მისი ძმა ოსკარი, თანაშემწე სერხიო ალეგრე და ფიზმომზადების მწვრთნელი ივან ტორესი.
ჩავიმ 1998-2015 წლებში კატალონიური გუნდის მაისურით 767-ჯერ ითამაშა და 85 გოლი გაიტანა, კლუბის ოქროს პერიოდში მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ესპანელმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს “ალ-სადში” დაიწყო და კატარში უკვე 7 ტიტულის მოგება მოახერხა.
დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა რომ ჩავიმ ყოფილი კლუბის შემოთავაზება მიიღო და მიმდინარე წლის ნოემბერში, სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკუთარი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად მუშაობას “ბარსელონაში” შეუდგება. მანამდე კატალონიურ კლუბს დროებით სერხი ბარხუანი უხელმძღვანელებს. “ბარსა” “ლა ლიგაში” 15 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზეც კრიტიკული მდგომარეობა აქვს – 3 ტურში 3 ქულა.
გათავისუფლების შემდეგ რონალდ კუმანს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა მადრიდის “რეალის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ:
“ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. ასეთი რამ მეც ბევრჯერ მომსვლია. დარწმუნებული ვარ, რონალდმა ყველაფერი იღონა, რაც შეეძლო წარმატებისთვის. მაგრამ, რა გაეწყობა. ცხოვრება გრძელდება”.
გუშინ არგენტინის მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ ვილა-ფიორიტოში მდებარე სახლს, სადაც დიეგო მარადონა დაიბადა და გაიზარდა ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისტორიული ძეგლის სტატუსი მიგვენიჭებინა იმ ადგილისთვის სადაც ლეგენდა დაიბადა. მარადონას უზარმაზარი გავლენა მსოფლიოზე სცილდება მის ყველანაირ სპორტულ დამსახურებას”, _ განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა
მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს გასული წლის 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
[sexy_author_bio]