გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც კლუბები შემდეგნაირად დააწყვილა:
“ბენფიკა“ (პორტუგალია) – “რეალი“ (ესპანეთი);
“ვილიარეალი“ (ესპანეთი) – “მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი);
“ატლეტიკო“ (ესპანეთი) – “ბაიერნი“ (გერმანია);
“ზალცბურგი“ (ავსტრია) – “ლივერპული“ (ინგლისი);
“ინტერი“ (იტალია) – “აიაქსი“ (ნიდერლანდები);
“სპორტინგი“ (პორტუგალია) – “იუვენტუსი“ (იტალია);
“ჩელსი“ (ინგლისი) – “ლილი“ (საფრანგეთი);
“პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) – “მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი).
წილისყრის დასრულებიდან ცოტა დრო იყო გასული და მონასტერი აირია.
განგაში იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერმა ატეხა, რომელმაც საკუთარ “ტვიტერის“ გვერდზე საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა თავიდან ჩატარდებოდა.
საქმე ის გახლავთ, რომ “ვილიარეალის“ მეტოქედ თავდაპირველად ამოვიდა “მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც იმ კალათაში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე.
შესაბამისად, წილისყრაში მონაწილე რუსეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა ანდრეი არშავინმა იმავე კალათიდან ამოიღო სხვა გუნდი და ეს გახლდათ მეორე მანჩესტერული გრანდი _ “სიტი“. ანუ, “მანჩესტერ იუნაიტედის“ ბურთულა უნდა ყოფილიყო არა “ვილიარეალის“, არამედ “ატლეტიკოს“ სავარაუდო მეტოქეთა კალათაში.
მოგვიანებით უეფამ დაშვებული შეცდომა ოფიციალურად აღიარა და ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პირველი შედეგები გააუქმა. ეს უჩვეულო შემთხვევაა და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. წილისყრა ხელახლა გაიმართა და ამჯერად გუნდები საბოლოოდ და ოფიციალურად შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
“ზალცბურგი“ (ავსტრია) – “ბაიერნი“ (გერმანია);
“სპორტინგი“ (პორტუგალია) – “მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი);
“ბენფიკა“ (პორტუგალია) – “აიაქსი“ (ნიდერლანდები);
“ჩელსი“ (ინგლისი) – “ლილი“ (საფრანგეთი);
“ატლეტიკო“ (ესპანეთი) – “მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი);
“ვილიარეალი“ (ესპანეთი) – “იუვენტუსი“ (იტალია);
“ინტერი“ (იტალია) – “ლივერპული“ (ინგლისი);
“პარი სენ_ჟერმენი“ (საფრანგეთი) – “რეალი“ (ესპანეთი).
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის ლაფსუსის “მთავარი გმირი“ კორონავირუსის გამო “მანჩესტერ იუნაიტედს“ თავდატეხილი დიდი პრობლემებია. ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბმა კვირას განსხვავებულ რეჟიმში ივარჯიშა, რისი მიზეზიც “Covid 19“-ის დაფიქსირებული შემთხვევებია.
გამოცემა “The Athletic“-ის მტკიცებით, კლუბის რამდენიმე თანამშრომელი და ფეხბურთელია ინფიცირებული, თუმცა, ზუსტად მათი ვინაობა უცნობია. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და კლუბის ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ინდივიდუალურად, ონლაინ მიიღეს.
მანჩესტერულ გუნდს დღეს “ბრენტფორდთან“ შეხვედრა ელის, მაგრამ არ არის გამორიცხული, თამაში გადაიდოს.
რუსულ მასმედიაში კი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია სანკტ_პეტერბურგის “ზენიტსა“ და მოსკოვის “სპარტაკს“ დაუკავშირეს. გუშინ გამოცემამ “kazanfirst“ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა:
“უკვე ყველამ აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მეორე სეზონის სინდრომი აქვს. გასაგებია, რომ ხვიჩას ძალიან ეწყინა, როცა “რუბინი“ ვერ დატოვა. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია მოთამაშის შეზღუდვა იმ ინფორმაციისგან, რომელიც მის გარშემო ტრიალებს. ცხადია, ის ბაზაზე იმყოფებოდა და “მილანის“, “ბაიერნის“ და “ტოტენჰემის“ შესახებ ჭორებს უსმენდა. შემდეგ ის რჩება ყაზანში, კლუბი კი ევროპული შეჯიბრებიდანაც ვარდება, სადაც მისი ტრანსფერი უფრო მომგებიანად იყო შესაძლებელი.
დარჩა მხოლოდ ეროვნული ნაკრები, სადაც კვარაცხელიამ გაიბრწყინა _ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩები დაასრულა და ამხანაგურ შეხვედრებში ფეხბურთელებს არავინ აკვირდება. კვარაცხელია ნაწყენია, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩარჩა და პერსპექტივა არ ჩანს _ ერთადერთი პერსპექტივა “ზენიტი“ ან მოსკოვის “სპარტაკია“.
რუსული სპორტული მასმედიის მტკიცებით თბილისის “დინამოს“ ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ, შესაძლოა, კარიერა კლუბ “კრასნოდარში“ გააგრძელოს.
19 წლის ნოდარ ლომინაძე თბილისის “დინამოში“ ოზურგეთის “მერცხალიდან“ გადავიდა. ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონში “დინამოს“ განაცხადში 6_ჯერ მოხვდა და ერთხელ ითამაშა. ლომინაძეს, რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია, “ტრანსფერმარკტი“ 50 000 ევროდ აფასებს.
[sexy_author_bio]