დავით ზალკალიანი უკრაინის მთავრობის მიერ საქართველოდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას გამოეხმაურა. ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. ზალკალიანმა კიევის გადაწყვეტილებას „მოულოდნელი“ და „სამწუხარო“ უწოდა.
„გასაგებია, რომ მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი მეგობრები, ძმები. ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება. ომში მყოფი ადამიანები არიან. არ მინდა ამ კონტექსტიდან გამომდინარე მათ მიმართ პრეტენზიები გამოვთქვა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში აუცილებლად მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამ სიტუაციიდან ისე, როგორც შეეფერება ჩვენს ურთიერთობას და იმ მხარდაჭერასა და სოლიდარობას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე და აგრესიის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რასაც საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა იმსახურებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
დღეს, მორიგ ბრიფინგზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
წყარო: imedinews