თბილისში, შარტავას ქუჩაზე, სკოლის მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე მოზარდს მანქანა დაეჯახა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის მდგომარეობა. მედიკოსების ინფორმაციით, გუშინ მას მთელი დღის განმავლობაში არაერთი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მრავლობითი მძიმე დაზიანებების გამო, მოზარდის გადასარჩენად უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა რამდენიმე ქირურგი. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
“იმდენად სერიოზული იყო ფეხის დაზიანება, რომ მისი გადარჩენის თეორიული შანსიც არ იყო. ეს ეხებოდა როგორ სისხლძარღვების წყვეტას, ასევე კუნთოვანი მასის დიდი ნაწილის სრულ დაზიანებას. პაციენტი აყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მართვა გაგრძელდება იქ. რისკები ძალიან დიდია. სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო, დაზიანების არე ასევე ძალიან დიდი იყო”, – თქვა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
ადგილობრივების თქმით, ამ ადგილზე მსგავსი შემთხვევები ხშირია და მერია უსაფრთხოებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურას არ აწესრიგებს.