გუშინ იტალიურმა მედიამ „ნაპოლის“ შესახებ ახალი ინფორმაციები გამოაქვეყნა.
„Gazzetta dello Sport“-ის მტკიცებით კლუბის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გუნდის მფლობელ დე ლაურენტისთან შეხვედრას და არაერთი დეტალის გარკვევას აპირებს. გამოცემა „ napolipiu“-ს ინფორმაციით, საუბარი იმას შეეხება, რომ მწვრთნელს მკვეთრი გაახალგაზრდავების პოლიტიკა არ მოსწონს და გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეების შეძენას ითხოვს.
ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალ კლუბს ლორენცო ინსინიე დატოვებს, დრის მერტენსსა და ირვინგ ლოსანოს მიმართ კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ნეაპოლელთა საფიქრალი გასაგებია, გამოცდილი მოთამაშეები მიდიან, კვარაცხელიას შესაძლებლობები კი ჯერ უშუალოდ არ უნახავთ.
გუშინ ესპანური გამოცემა „Lasprovincias“ გიორგი მამარდაშვილის თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდა.
„გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელიც მომდევნო წლებში „ვალენსიას“ მთავარი მეკარე იქნება, მიმდინარე სეზონი ალბათ დასრულდა. ახალგაზრდა კარის დარაჯმა, რომელიც 21 წლის ახლახან გახდა, „ლა ლიგაში“ თავის სადებიუტო სეზონში, 18 შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ამის წყალობით, მან გუნდის მთავარი მეკარის სტატუსი დაისაკუთრა და დღესდღეობით, „ლა ლიგის“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კარის მცველია. მამარდაშვილმა, რომელმაც ძირითადი შემადგენლობისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება გადალახა, „ვალენსია“ აიძულა, რომ თავისი ყველაზე პერსპექტიული პროექტი დაეცვა.
გასულ დეკემბერში, „ვალენსიამ“ ქართველი ფეხბურთელი 850 000 ევროდ გამოისყიდა და ამ თანხის სანაცვლოდ, „ლა ლიგის“ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიიღო. გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და ბოლო 5 თვეში, „Transfermarkt“-ზე მისი ღირებულება თითქმის გაოთხმაგდა, რასაც ის დაემატა, რომ მან სილესენი, ხაუმე და რივერო სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
კლუბმა გიორგის უკვე აუწყა, რომ სურს, უკეთესი კონტრაქტი გაუფორმოს, რასაც ქართველი ახალგაზრდა სიხარულით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მისით რამდენიმე უცხოური კლუბი ინტერესდება, მამარდაშვილს სურს, ბორდალასის გუნდის კარის დაცვა განაგრძოს. „ლა ლიგის“ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ის თუ ვინ იქნება ძირითადი მეკარე, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ბორდალასი სათამაშო დროს იასპერ სილესენს დაუთმობს, რომელიც სეზონის სტარტზე, ნომერ პირველი მეკარე გახლდათ, მაგრამ ტრავმებისა და მამარდაშვილის საოცარი პროგრესის გამო, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. დღეს, სილესენი „ვალენსიასთვის“ ფინანსური პრობლემაა და კლუბის მიზანია, რომ ზაფხულში ნიდერლანდელი ტრანსფერზე დააყენოს. გუნდის ფინანსურ პრობლემებს მამარდაშვილის ასპარეზობა დაემატა და „ვალენსია“ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა“, – დაწერა ესპანურმა გამოცემამ.
გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca“ გაავრცელა ცნობა რომ კილიან მბაპე კარიერას მაინც მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
გამოცემის მტკიცებით, „რეალმა“ და მბაპემ ყველა დეტალზე საერთო ენა გამონახეს და შეთანხმება გასულ კვირაში დადეს. მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში მბაპეს მადრიდში სტუმრობამ დიდი როლი ითამაშა. „რეალის“ გენერალურმა დირექტორმა, ხოსე ანხელ სანჩესმა ყველა საქმე გვერდზე გადადო, კილიანს შეხვდა და ყველანაირი კითხვის ნიშანი გააქრო.
მბაპე ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნება იმაზე, რაც „პარი სენ-ჟერმენმა“ შესთავაზა. ესპანური გამოცემის მტკიცებით, ფრანგ ვარსკვლავს ფული არ აინტერესებს და მისი მთავარი მიზანი „რეალის“ რიგებში თამაშია.
გუშინვე „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ოღონდ საკუთარი მომავლის შესახებ დაწვრილებით არ უსაუბრია.
„ახლა ჩემს მომავალზე საუბარი არ შემიძლია, თუმცა მალე ყველაფერს გაიგებთ. ყველაფერი გადავწყვიტე. ახლა ამის სათქმელად კარგი დრო არაა, თუმცა გადაწყვეტილება მივიღე. ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთის ნაკრებში მისვლამდე გავაჟღერებ“, – განაცხადა კილიანმა მბაპემ.
საფრანგეთის ნაკრები 28 მაისს შეიკრიბება, 3 ივნისს კი ერთა ლიგის პირველ ტურში დანიას უმასპინძლებს.
28 მაისს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართება და ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.
გუშინ მადრიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით გეგმებზე ისაუბრა.
„შეიძლება სასტარტოში როდრიგო ან ვალვერდე დავაყენო. შეიძლება არც დავაყენო, მაგრამ ისინი ითამაშებენ. ვალვერდემ ხშირად უნდა დაარტყას კარში. ეს ეხერხება, თუმცა წინა მატჩებში ამას იშვიათად აკეთებდა, ბოლო შეხვედრებში მოუხშირა. ეს მისთვისაც კარგია და გუნდისთვისაც. როდესაც ნაჩო გყავს, ძირითად შემადგენლობასთან დაკავშირებით მუდამ ეჭვები გაგაჩნია. „რეალში“ მხოლოდ 11 ფეხბურთელს როდი შეუძლია თამაში“.
ავტორი