დღევანდელ სახალისო მოგონებებში თავის დროზე გახმაურებული საბჭოთა კინოსურათების გადაღებების პროცესში დაფიქსირებულ რამდენიმე სახალისო ამბავს გავიხსენებთ.
ცნობილი კინორეჟისორი, ბატონი გია დანელია ასეთ კურიოზს ხშირად ყვებოდა: „ზამთარია, ნაახალწლევია და საპატიო მიზეზით (ახალი წელი) შეჩერებული „მიმინოს“ გადაღება განვაახლეთ, ინტენსიურად ვმუშაობთ. 7 იანვარს ფრუნზიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:
– გიორგი ნიკოლაევიჩ, სამი დღით ერევანში უნდა გამიშვა. ჩემი ცოლი ცუდადაა და მთხოულობსო.
რა უნდა მექნა, დრო მაშინაც ფული იყო, თანაც ვადებში უნდა ჩატეულიყავი, მაგრამ ფრუნზიკა მაინც გავუშვი იმ პირობით, რომ 10-ში დილით, აქ იქნებოდა.
ფრუნზიკა წავიდა. მის გარეშე ვერაფერს გადავიღებდით და მეც თბილისში გავფრინდი, რომ ჩემები მომენახულებინა. რვაში საღამოს სოფიკომ (ჭიაურელმა) დამირეკა და მითხრა: ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა და ჩემთან ერთად წამოდი. არ იცის, რომ აქ ხარ და სიურპრიზი გაუკეთე, გაუხარდებაო.
მეორე დღეს, სერგოს დიდი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკომ მთაწმინდაზე „ავაჭერით“, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა იტალიურ ეზოში.
სუფრა პირდაპირ ეზოში გაეშალათ, იმდენი ხალხი იყო, რომ შევედით, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა. აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვისში შემეშლებოდა? მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე კი მას ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და გადავუჩურჩულე:
– თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, – სუფრას გადავხედე, – აი, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი.
ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა. კიდევ სამი დღე დავრჩით თბილისში და „მიმინოს“ გადაღება ამდენივე დღით შეჩერდა“.
ცნობილი ქართველი მსახიობი ბუხუტი ზაქარიაძე სტალინის როლის საუკეთესო შემსრულებლადაა მიჩნეული, რომელმაც ცნობილ საბჭოთა კინოეპოპეა „გათავისუფლებაში“ ითამაშა. 1969 წელს, ფილმის პირველი ნაწილის გადაღებები მიმდინარეობდა. ეგრეთ წოდებული, კაბინეტური სცენები სტალინის მონაწილეობით კრემლში, სტალინის კაბინეტში იდგმებოდა და იქვე იღებდნენ კიდეც. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას კაბინეტში, სტალინთან მარშალი ჟუკოვი უნდა შესულიყო და უმაღლესი მთავარსარდლისთვის მოეხსენებინა. ჟუკოვის როლს ბრწყინვალე მსახიობი მიხეილ ულიანოვი ასრულებდა. ფილმის რეჟისორს, იური ოზეროვს ერთი ეშმაკური თვისება ჰქონდა – ისტორიული პიროვნებების გადაღებისას, თუკი ეს ადამიანი ცოცხალი იყო, ნამდვილ, ასე ვთქვათ, „ორიგინალ“ გმირს შეუშვებდა პარტნიორთან, თავად კი მის დუბლიორს აყურებინებდა „ორიგინალის“ ქცევებს… ზემოხსენებული სცენის გადაღებისას, ოზეროვს რეალური ჟუკოვი ჰყავდა მიწვეული კრემლში, რომელიც, ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. თანაც, მარშლის ფორმა ეცვა, ისევე, როგორც მსახიობ ულიანოვს, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სახელოვან მარშალს… ეშმაკმა ოზეროვმა, ისე, რომ თავად ჟუკოვმა (რა თქმა უნდა, არც ზაქარიაძემ) არაფერი იცოდა, „ორიგინალს“ სთხოვა, „სტალინთან“ შესულიყო და მისი გრიმი და მიხვრა-მოხვრა შეეფასებინა. ბატონ ბუხუტის „პატარა ჩარტყმა“ უყვარდა. მაგიდის ქვეშ არაყი ედგა და ჟუკოვი რომ შევიდა, სწორედ ამ დროს „ჩაარტყა“…
– ამხანაგი სტალინი არ სვამდა სამსახურში, – უთხრა „ორიგინალმა“ „სტალინს“.
– მოდი, მიშა, მოდი, – ბუხუტიმ „ულიანოვს“ არყიანი „რუმკა” მიაწოდა და დააყოლა, – „ჩაარტყი“, სტალინი თუ არ სვამდა, ჟუკოვი ხომ „ურტყამდა“ „სტოპკებსო“ (ას გრამს).
ჟუკოვმა რომ ორი ჭიქა „ჩაარტყა“, ამ დროს იური ოზეროვი და ულიანოვი შემოვიდნენ ოთახში. ბუხუტი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ არ დაიბნა, ჭიქა არყით აავსო და სახელოვან მარშალს უთხრა:
– თქვენი სადღეგრძელო იყოს, გიორგი კონსტანტინოვიჩ!
ჟუკოვმა ზაქარიაძე გააჩერა, არყიანი ჭიქა მიუჭახუნა და უთხრა:
– ჩემი კი არა, ნამდვილი სტალინის სადღეგრძელო იყოსო, – ჭიქა ბოლომდე გამოცალა და სანამ კაბინეტიდან გავიდოდა, ოზეროვს უთხრა:
– როგორც სტალინი, ცუდი არაა, მაგრამ უკეთესი მსმელიაო.
კინოფილმების გახსენების შემდეგ ცნობილი ქართველი მსახიობების „ცხოვრებისეული“ კურიოზებიც გავიხსენოთ.
ჩინებული მსახიობი, ამავდროულად კარგი ექიმი თემიკო ჩირგაძე იხსენებდა: ერთ კაცს თითზე ნაკაწრი გაუმიზეზდა და ჩირქოვანი ანთება დაემართა. ერთმა ჩემმა მეგობარმა ქირურგმა გაჭრა ურჩია. „ნოვოკაინით მეტკინება, თუ შეიძლება დამაძინეთ და ოპერაცია ისე გამიკეთეთ” – ითხოვა პაციენტმა. აბა, ასეთ უბრალო თხოვნაზე უარს როგორ ეტყოდნენ?!
დაიწყო თუ არა ოპერაცია, ავადმყოფს ფული გაუჩერდა. გულის არაპირდაპირმა მასაჟმა შედეგი არ გამოიღო. ქირურგმა გულ-მკერდის ღრუ გაკვეთა და გულის პირდაპირი მასაჟის ჩატარება დაიწყო. გული ამუშავდა. განაკვეთი დახურეს და ელექტროდეფიბრილატორის გამოყენებაზე გადავიდნენ. პაციენტი, რომელიც, როგორც წესი, მაგიდაზე უნდა ყოფილიყო დაბმული, მაგიდიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. გამოიძახეს ტრავმატოლოგები – გაუკეთეს ოპერაცია და ავადმყოფი პალატაში გადაიყვანეს.
რამდენიმე საათის შემდეგ ექიმი თავისი მეგობრის სანახავად შევიდა პალატაში. პაციენტმა დაინახა თუ არა, საყვედურებით აავსო: მოვდივარ გონს და რას ვხედავ, ფეხი გირებით მაქვს დაჭიმული, კარგი, ეს ჯანდაბას, გულმკერდი გადაჭრილი და დამწვარი; ესეც არაფერი, მაგრამ რაკი ამდენი მაწვალეთ, ბარემ თითის ოპერაციაც გაგეკეთებინათ, დალოცვილო, არ შეიძლებოდა?!”
იმ დავიდარაბაში ექიმებს დაჩირქებული თითი სულმთლად დავიწყებოდათ.
თავის დროზე მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 80 წლის მოხუცი, ბაბუა მაიზერი გარდაიცვალა.
შვილებმა საუკეთესო ქელეხი გადაუხადეს, რომლის თავკაცად ოჯახის ახლობელი, ყველასთვის საყვარელი, სახელოვანი და რაც მთავარია, შეუცვლელი თამადა, ბატონი ზურაბ ქაფიანიძე აირჩიეს. მანაც თავი არ დაზოგა, რომ ჭირის სუფრას არაფერი დაჰკლებოდა. უამრავი სტუმარი მოვიდა. ქალები სუფრის გაწყობას ვეღარ ასწრებდნენ. ამიტომ, კაცი იყო თუ ბავშვი, ყველა მათ ეხმარებოდა. ზურაბმა ერთ-ერთ სვან მოზარდს ღვინიანი ჭიქების დაცლა დაავალა. ათი წუთიც არ იყო გასული, მოზარდი ბარბაცით მივიდა მსახიობთან და სლოკინით უთხრა:
– ზურაბ ბიძია, სუფრის ერთ მხარეს დავცალე და მეტი აღარ შემიძლია, მეორე მხარეს სხვას დაავალეო.
საწყალ ბიჭს, თურმე, რაც სუფრაზე ჭიქებში ნარჩენი ღვინო ესხა, დაულევია.
ავტორი