ოზურგეთელი წარმატებული სპორტსმენი, მირო ვანაძე, გასულ წლებში, სპორტულ კარიერას უკრაინაში აგრძელებდა. როცა ქვეყანაში აგრესორი შეიჭრა, ის ბრძოლაში ჩაება და ომის ქარცეცხლში არც საქველმოქმედო საქმე დავიწყებია. ახლახან ის მშობლიურ ოზურგეთში დაბრუნდა.
„ბრძოლა წესების გარეშე“- ამ სახეობაში, მირო ვანაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურში უნდა გასულიყო, რაშიც ომმა დააბრკოლა.
როგორც გავიგეთ, მირო ვანაძე კვლავ მიიწვიეს უცხოეთში საასპარეზოდ.
_ჩემი მენეჯერი დამიკავშირდა უკრაინიდან. მითხრა, რომ ჩემით დაინტერესდა ევროპის ერთ- ერთ ორგანიზაცია. მე თანხმობა განვუცხადე და მალე უნდა გავემგზავრო. ჯერ პოლონეთში, ვარშავაში გავივლი ორკვირიან შეკრებას. შემდეგ კი ტაილანდში მექნება კიდევ 2 კვირიანი შეკრება. როგორც მითხრეს, ვიბრძოლებ ცნობილ, ძლიერ სპორტსმენებთან, _ გვითხრა მირო ვანაძემ.
მან „გურია ნიუსთან“ ასევე თქვა, რომ საბრძოლო ფორმაშია. აქვს გამარჯვების ჟინი და მიზანს მიაღწევს.
_ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. თუმცა მინდა, მივაღწიო ოპტიმალურ ფორმას და დავდო ის შედეგი, რისთვისაც ვიბრძვი ამდენი ხანია. ერთად გავიმარჯვებთ, დიდება საქართველოს! _ ასე დაგვემშვიდობა წასვლის წინ.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს მირო ვანაძეს. პატრიოტ, გულანთებულ ვაჟკაცს, რომელიც უსაზღვროდ უყვართ მეგობრებს, გულშემატკივრებს, როგორც მშობლიურ ოზურგეთში, ისე უკრაინაში.
ავტორი