მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა საკუთარი ბედი და პროფესია თავისივე ხელებითა და ნიჭით გამოჭედა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბავშვობით და სხვათა შორის, დიდხანს ვიყავი ბავშვი. არ ვცდილობდი, ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო თავი. მსახიობობაზე ხომ საერთოდ არ მიფიქრია, სრულიად შემთხვევით გავხდი მსახიობი. მიმაჩნდა, რომ მსახიობს რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და გარეგნობა უნდოდა. რეზო ჩხეიძე რომ იღებდა „მანანას“, ათას ხუთასი ბავშვი ჰყავდა დაბარებული სინჯებზე. მას ნანახი ვყავდი ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც მშობლებთან ერთად ვიყავი. მან ჩემი მშობლები მოძებნა და აქედან დაიწყო ყველაფერი.
კინოსტუდიაში რომ მივედი, ისეთი ლამაზი ბავშვები დამხვდნენ, შინაგანი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ამდენ ლამაზ გოგოში რაღა მე გავიმარჯვებ-მეთქი და გულდაწყვეტილი წამოვედი. მითხრეს, იცეკვე და იმღერეო, მაგრამ პირველ დღეს არაფერიც არ გავაკეთე. მეორე დღეს ვიმღერე და ვიცეკვე. ვიცოდი, რომ მაინც არაფერი გამომივიდოდა და თავი შევიკავე. სხვათა შორის, ბოლომდე ფრთხილი დავრჩი. სულ უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით. მერე, ათას ხუთასი ბავშვიდან სამნი დავრჩით. ბოლოს მე დამამტკიცეს.
მახსოვს, იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ 39 გრადუსი სიცხე მომცა. მე რომ არაფერი ვთქვა, თვითონაც იცით, რამხელა მსახიობების გვერდით მოვხვდი. მანამდე ეს ადამიანები თეატრში და ეკრანზე მყავდა ნანახი. მთელი გადაღების პროცესში ძალიან მეხმარებოდნენ. როგორც დიდ ადამიანს, ისე მეპყრობოდნენ. მეც, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მათი თანატოლი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა კინოში.
ცხოვრებაში სულ სხვანაირი ბავშვი ვიყავი – წყნარი, მშვიდი. ფილმი რომ გამოვიდა, დედაჩემს ეუბნებოდნენ, როგორ უძლებთ, ქალბატონო, ამ ბავშვსო. გადაღებები ბათუმში ზაფხულში მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა მანქანაში ვზივარ და განწირული ხმით ვტირი – ბებია, ბებია! ერთი ქალი შემოვარდა გადასაღებ მოედანზე, ისე, რომ ოპერატორს არ დაუნახავს. ეგონა, მართლა ჩაიკეტა ბავშვი მანქანაშიო. გააღო კარი და გადმოვვარდი. პირდაპირ ქვაფენილზე დავენარცხე. ფეხებიდან სისხლი მდიოდა. ერთი კვირა გადაღებები გაჩერებული იყო, ვიწექი. მერე, საშინელება იყო ჩემთვის ორმოც გრადუს სიცხეში „შუბა“ და ბოტები რომ ჩამაცვეს. კინაღამ გავგიჟდი, ისე მცხელოდა, მაგრამ რაღაცნაირად გავუძელი ამ ყველაფერს“.
ავტორი