ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული დოღის გარდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. დღესასწაულთან დაკავშირებული მოსალოდნელი ხალხმრავლობის გამო ძლიერდება ტყის დაცვაც, საიდანაც ბოლო დროს გახშირდა კოცონის დანთების მიზნით ნაძვის ხის ტოტების გამოტანის შემთხვევები.
ბახმაროს სატყეო სპეციალიტი, არსენ ჭკუასელი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ტყის სპეციალისტები მხოლოდ დაავადებულ ხეებს ჭრიან და ისიც სპეციალური ნებართვით. ტოტები რომ რჩება, ის გამოაქვთ ტყიდან უმეტესად ბავშვებს, მაგრამ მაინც ფიქსირდება ტყეში ხეების დაზიანების მცდელობები.
“არის ადგილები, სადაც თავისით შვავდება, თუმცა არის ადგილები სადაც თუ ნარგავი მყარად დგას ხელით ვერც მოტეხ და ვერც მოთხრი, მაგრამ ზოგი ცდილობს მაინც მოიპოვოს.
ნუ გამოიყენებთ საკოცონედ ისეთ მასალებს და დაუზიანებელ საღ ხე-ტყეს და ახალგაზრდა ნორჩ აღმონაცენს, რასაც მტერიც არ გააკეთებს. ერთად დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ბუნებას და ბახმაროს, ასე რომ გვიყვარს”,_ ამბობს არსენ ჭკუასელი.
ჭკუასელი განმარტავს, რომ კოცონის დასანთებად ტყიდან უკვე მოჭრილი ხიდან დარჩენილი ტოტების და ხმელი წიწვების გამოტანა ტყის მცველის კონტროლით უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება რომ ადგილი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას აქვს და სათანადო ღონისძიებები ტარდება.
ინფორმაციისთვის, ტყეში ნარგავების უკანონო მოჭრა ან დაზიანება, დასჯადია.