სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმენეს.
მომხსენებლის, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის, ზურაბ კოსტავას ინფორმაციით, 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, რომელიც გადანაწილებული იქნება ორ მთაზე კოხტასა და დიდველზე.
2018 წელს, საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე, ბაკურიანმა საქართველოს ისტორიის მანძილზე პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
შეჯიბრები ბაკურიანში, 16 თებერვალიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი 6 დისციპლინას მოიცავს, მედლების რაოდენობა კი 30 კომპლექტს შეადგენს.
სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ჩემპიონატზე დაახლოებით 50 ქვეყნიდან 2000-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, ექიმი, მსაჯი მიიღებს მონაწილეობას.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, დღეისთვის 3 დისციპლინაში 5 ქართველ სპორტსმენს აქვს მოპოვებული ქულები.
„მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. წელს უკვე გავიარეთ სამი ინსპექცია. დარჩენილია თოვლის ინსპექცია, რომელიც 16 იანვარს დაინიშნა. წინასწარი რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს 1300 სპორტსმენს და 400-მდე მწვრთნელს, ექიმს და დამხმარე პერსონალს. ველოდებით საერთაშორისო ფედერაციის 1900-მდე წარმომადგენელს. თითქმის ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. შეჯიბრებებზე დასწრების შესაძლელბობა ყველა მსურველს ექნება, რადგან დასწრება თავისუფალია”, – განაცხადა ზურაბ კოსტავამ.
კომიტეტის სხდომაზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის განმარტებით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, იქმნება. კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს საბჭოს შემადგენლობა გააცნო.
„საბჭოს საქმიანობის მიზანი იქნება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა და ამის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება”, – აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.